რა გახდა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მორიგი კამათის მიზეზი?
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე -14 სხდომაზე განხილული რამდენიმე საკითხი დეპუტატებს შორის ხმამაღალი კამათის საგანი გახდა. დეპუტატებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის #115 განკარგულებაში შესატანი ცვლილებები, რომელიც ქუთისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცებას უკავშირდება. როგორც "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა სამსონ გუგავამ განაცხადა, დღის წესრიგი ყოველგვარი დანართის და განმარტების გარეშე იყო სხდომაზე განსახილველად შეტანილი. მისი თქმით, ასეთ რეჟიმში მუშობა მისთვის მიუღებელია, ამავდროულად გაუგებარიცაა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო აღნიშნულის განხილვა ასე ნაჩქარევად.
,,საკრებულოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არალეგიტიმურია, რადგანაც თითოეულ პროექტს უნდა გააჩნდეს საკუთარი დოკუმენტაცია და ირღვევა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, ყოველი მსგავსი გადაწყვეტილება არის ბათილი“ ,- განაცხადა სამსონ გუგავამ.
ქუთაისელი "ლეიბორისტის" ამ განცხადებას მხარი დაუჭირეს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ბრეგაძემ და ,,რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ნატო ქათამაძემ. ქათამაძის განცხადებით, საკრებულოს ყველა სხდომაზე განსახილველი საკითხები დაჩქარებული წესით გადის და საკრებულოს წევრებს არ აქვთ დრო აღნიშნულ საკითხებს საფუძვლიანად გაეცნონ.
,,კოდექსში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ყველა იჯარა ინდივიდუალურად შეთანხმებული უნდა იყოს საკრებულოსთან. საკრებულომ ეს წესი გადასცა ქალაქის მერს და უკვე ხვალიდან, დარწმუნებული ვარ, დაიწყება პრობლემები, რადგანაც აღმოჩნდება ობიექტი, რომელსაც საკრებულომ გასაყიდად აუწია ხელი, გაიჯარებული ისე, რომ საკრებულოს დამტკიცება აღარ დაჭირდება“ , - განაცხადა ბესო ბრეგაძემ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე