|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ

 საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე  შეთანხმებას ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაციის და 14 პოლიტიკური პარტიის  წარმომადგენლები აწერენ. 
დოკუმენტის ავტორები  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ.
"საქართველოში დემოკრატიული კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა პარლამენტის წევრთა ინიციატივით, დაუყოვნებლივთ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. გთავაზობთ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის 1 პუნქტის ახალი რედაქციის პროექტს: "საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან", - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ მიღებულ დოკუმენტში, რომლითაც ისინი პარლამენტის წევრებს მიმართავენ.
ამასთან, მიმართვის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინიცირებული, რათა კონსტიტუციის შესაბამის ნორმა, 2016 წლის არჩევნებამდე გონივრული ვადით ადრე შეიცვალოს.


საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე კონფერენცია პრეზიდენტის ინიციატივით ავლაბრის სასახლეში გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი