პარლამენტის მეზობლად მოსახლეობა კანალიზაციის არარსებობას აპროტესტებს
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა კანალიზაციის არარსებობას აპროტესტებს.
ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაზე, ქიაჩელის ქუჩის მაცხოვრებლებმა დღეს ქუჩა გადაკეტეს. მოსახლეობის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ წლების განმავლობაში მათ მოთხოვნას კანალიზაციის სისტემის მოწყობის შესახებ ხელისუფლებამ ქუჩაზე გზის დაგების დაწყებით უპასუხა - „ახლა გზის დაგება ნიშნავს, რომ კანალიზაციის საკითხი კიდევ წლებით გადაიწევს“, - განაცხადა მოქალაქემ, რომელიც „ნიუპრესს“ თავად დაუკავშირდა, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშის გამო ანონიმურობის დაცვა მოითხოვა.
მოქალაქის თქმით, მათი უბანში ფეკალური მასები პირდაპირ ქუჩაში გადმოედინება და არხში ჩადის, რომელიც შემდეგ მდინარე რიონს უერთდება. „გარემოს დაზიანება არ ანაღვლებთ ადგილობრივ ხელისუფლებაში. ჩვენ მოთხოვნაზე მათ ასეთი პასუხი გაგვცეს, „ახლა გზის დაგებაში ხელს თუ შეგვიშლით, ამასაც დაკარგავთ და ვერ კანალიზაციას მიიღებთო“, -აღნიშნავს მოქალაქე.
მისი თქმით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში,
ქალაქის
ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი