ქუთაისის #45-ე საჯარო სკოლაში ევაკუაცია იგეგმება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ქუთაისის #45-ე საჯარო სკოლაში დღეს სიმულაციურ სწავლებას განახორციელებს.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა სიფიო კობაიძემ "ნიუპრესს" განუცხადა, "სწავლება სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის ,,სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში" ფარგლებში ჩატარდება. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები წინასწარ შემუშავებული სცენარის ფარგლებში, რომელიც მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ხანძრის სიმულაციას წარმოადგენს იმოქმედებენ. #45 საჯარო სკოლის შენობიდან 36 სკოლის აღსაზრდელისა და 53 თანამშრომლის ევაკუაციას მოახდენენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 5-დან 18 წლამდე აღსაზრდელები სწავლობენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, სხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში არიან ჩართულები.
ღონისძიების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
სწავლებას დაესწრებიან ქალაქისა და მხარის ოფიციალური პირები.
ავტორი: ირინა მაკარიძე