„ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 5-სა, იქნება 2 პროცენტი"
ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი. მთავრობის სხდომის დასრულების შემდგეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ „ეკონომიკური ზრდა ნაცვლად ხუთისა, იქნება ორი პროცენტი. ინფლაცია იქნება 3 პროცენტი. ერთი, რაც დღეს ნამდვილად გადაწყვეტილია, ესაა- სახელმწიფო ვალდებულებების სია შემცირდება 100 მილიონი ლარით. ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირაში წარმოვადგინოთ უკვე დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამინისტროში რა მიმართულებით ექნებათ თანხების ეკონომია, ან პირიქით, შეიძლება გაზრდაც",- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, ამ დღეებში ადგილობრივ თვითმმართველობებთანაც ექნებათ კომუნიკაცია, რომ გადახედონ მათ ბიუჯეტს. "ეს იმისთვის, რომ მიღწეული იყოს მთავარი პირობა, ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ანა ჯიქია