ქუთაისის ოპერის თეატრი სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება
სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „დაისი“ წარმოადგენენ. სპექტაკლი 3 ივლისს გაიმართება.
შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.
ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის აკო ანდღულაძის განცხადებით, ქუთაისის ოპერის თეატრი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებაში. „პირველი ჩვენი აქტივობა იყო ჰუმანიტარული დახმარების - სურსათისა და პირველადი მოხმარების ნივთები გაგზავნა თბილისში. გარდა ამისა, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირინე ლომინაძემ გამოთქვა ინიციატივა, რომ თეატრის დარბაზი დაეთმოს საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარების მსურველებს. ახლა კი საქველმოქმედო მიზნით დაიგეგმა ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერის წარმოდგენა . მოვუწოდებთ მოქალაქეებს 3 ივლისს დაესწრონ ამ სპექტაკლს და მიიღონ მონაწილეობა კეთილ საქმეში“-აღნიშნა ანდღულაძემ.
ავტორი: ანა ჯიქია