|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოები შსს-ს შესახებ კანონპროექტის შეჩერებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შეჩერებას ითხოვენ.  კანონპროექტი, რომელიც  უსაფრთხოების სამსახურების შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას, ეხება, პირველი მოსმენით მიმდინარე კვირას განიხილება. 

მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ  კანონპროექტით  უწყების მხოლოდ ფორმალურ გამიჯვნა ხდება  და დამატებით არაერთ ახალ საფრთხეს წარმოშობს: „კანონპროექტის მიხედვით, უშიშროების სამსახურებს ეძლევათ სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენების უფლება, მოქალაქეთა თავისუფლებაში უშუალო და პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ქმნის როგორც ფუნქციათა დუბლირების, ისე უშიშროების სამსახურების მიერ უფლებამოსილებების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს. 

უსაფრთხოების სამსახურები, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სასამართლო კონტროლის გარეშე მოიპოვებენ გარკვეულ ინფორმაციას და ამავე რეჟიმში ახორციელებენ ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული ფოტო და კინო გადაღება, მაშინ როდესაც ანალოგიურ ღონისძიებებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სავალდებულო წესით ავრცელებს სასამართლო კონტროლს. სამსახურებს აგრეთვე წვდომა აქვთ ფარული მიყურადების ტექნიკურ მოწყობილობებზე. ასეთ პირობებში უსაფრთხოების სამსახურებისთვის საგამოძიებო ფუნქციის შენარჩუნება მნიშვნელოვანი რისკის შემცველია“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტის არსებულ რედაქციას და ხელი შეუწყონ მსჯელობის გაგრძელებას კანონპროექტთან დაკავშირებით.

მიმართვას ხელს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა