საბერძნეთში მყოფი ქართველები უფასოდ მიიღებენ საკონსულო ლეგალიზაციას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან საბერძნეთში მცხოვრები ქართველები გათავისუფლდებიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"მიმდინარე წლის 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ შემდეგი სახის საკონსულო მომსახურებები: საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღება; სანოტარო აქტი - მინდობილობის დამოწმება (საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმის წარმოების შესახებ); სანოტარო აქტი - ხელმოწერის დამოწმება (თანხმობა არასრულწლოვანი პირების მგზავრობის შესახებ, სახელის დარქმევის შესახებ); სხვადასხვა სახის ცნობები (ე.წ. ოჯახური შემადგენლობის შესახებ, იდენტურობის შესახებ); საკონსულო ლეგალიზაცია - დაბადების მოწმობის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ",
- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ქ. სალონიკში გენერალური საკონსულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი