ქუთაისში ეროვნულ გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა
11 ქალაქში და 19 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთდროულად დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. რეგისტრაცია დილით 8 საათზე დაიწყო და 9 საათზე დასრულდა. პირველი ნაკადი წერას 13 საათზე დაასრულებს. 14 საათიდან დაიწყება მეორე ნაკადის რეგისტრაცია.
განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და განაცხადა: "საგანგებო შტაბი, რომელიც შეიქმნა გამოცდებისთვის, კარგად მუშაობს, ამის შედეგია ის, რომ დღეს ყველა საგამოცდო ცენტრში სიმშვიდეა. ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ. ვინც გახდება სტუდენტი, მათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 21 საგანმანათლებლო პროგრამა ელოდება. ასევეა სან-დიეგოს სახელმწიფოსთან ერთად შემუშავებული პროგრამა. ახალ ამერიკულ პროგრამაზე დარეგისტრირებული არიან აბიტურიენტები და მათ აქვთ საშუალება ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ამერიკული დიპლომი",- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ხვალ დასრულდება. ორშაბათიდან კი აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ.
ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრში გამოცდას 5 ათას 500-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. აქ დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა
ავტორი: ანა ჯიქია