|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაბალი პროცენტის გარანტიით

„ჩვენი მიზანი არის პროცენტის დაწევა და   საუკეთესო მომსახურების გაწევა,“ - განაცხადა GeoCapital-ის გენერალურმა დირექტორმა ირმა სვანაძემ ქუთაისში, ახალი ცენტრალური ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქუთაისში ამერიკული ინვესტიციით გაიხსნა. მისი მიზანია ქუთაისში, იმერეთსა და რეგიონის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს  კონკურენტული ტარიფები, საუკეთესო მომსახურება და ელემენტარული ფინანსური განათლება შესთავაზოს.

 „ჩვენ გვაქვს იპოთეკური სესხი, ავტოგირავნობა, ლომბარდი. 1 წლის წინ, როდესაც  დავიწყეთ საქმიანობა ქუთაისში, ქალაქში სესხი იყო 5%. ჩვენმა კომპანიამ  შეამცირა საპროცენტო განაკვეთი და ახლა ის  3.5%-ს შეადგენს,“ -  ამბობს ირმა სვანაძე.

მიკროსაფინანსო  ორგანიზაციის საზეიმო გახსნის ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წითელი ლენტის გაჭრის პატივი მიხეილ სააკაშვილს ერგო. სააკაშვილის თქმით, მთავრობის როლი ბიზნესის განვითარების პროცესში ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და კორუფციის აღმოფხვრაა.

„ის, რაც საქართველოში ჩვენ შევქმენით, მოვსპეთ კორუფცია და გავამარტივეთ ყველაფერი, თითქმის შეუძლებელია.  ქვეყანაში ყველას უნდა ჰქონდეს ბიზნესის კეტების საშუალება, იმისათვის, რომ ჩვენი ოჯახები იყოს ბედნიერი. მივესალმები ამ ინიციატივას.  ეს არის ამერიკული ინვესტიცია. საბოლოოდ,  ჩვენი განვითარება ასეთ პატარა ორგანიზაციებზე დგას და არა გრანდიოზულ პროექტებზე,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, მსგავსი ტიპის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს და ძალიან კარგი საშუალებაა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის.

GeoCapital-ის მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ორგანიზაციას 2 ფილიალი გააჩნია.  მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია ზესტაფონში, სამტრედიაში, ბათუმსა და თბილისის გარეუბნებში ფილიალების გახსნა. ხოლო მომავალი წლიდან, GeoCapital–ი  იმერეთის რეგიონის ფარგლებს გარეთ, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში, თავისი მომსახურების გაფართოებას გეგმავს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა