ჭიათურელი მაღაროელები სარკინიგზო ხაზის გადაკეტვას გეგმავენ
ჭიათურაში გაფიცული
მაღაროელები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ და იმ სარკინიგზო ხაზის გადაკეტვას გეგმავენ,
რომლითაც ჭიათურიდან მარგანეცი გადის.
გაფიცული მაღაროელების
უკმაყოფილება „ჯორჯიან მარგანეზის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, მუშებს
ამ ეტაპზე ხელფასები 10%–ით გაეზრდებათ. თუმცა მაღაროელები აცხადებენბ, რომ მათი მოთხოვნა
ხელფასების 100%–იანი ზრდაა.
გაფიცული მაღაროელები
ამ წუთებში ქარხნის ადმინისტრაციის წინ არიან შეკრებილები.
„უმძიმესი მდგომარეობაა.
ხალხმა 7–8 წლის წინ ნაგროვები ბოღმა ამოანთხია. ვინ დააწყნარებს ამათ არ ვიცი. შესაბამისად,
ვითარების პროგნოზირებაც შეუძლებელია. გაფიცულების მხრიდან იყო შენებაში შეჭრის მცდელობა,“
– ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი გირგოლ ბრეგვაძე.
როგორც ცნობილია,
რომ გაფიცული მაღაროელები, რომლებმაც გუშინ საგაფიცვო კომიტეტი ჩამოაყალიბეს, სამუშაოზე
დაბრუნებას არ აპირებენ.
ასევე, ამ დრომდე
გაურკვეველია, რა ზომებს მიმართავს ქარხნის ადმინისტრაცია ვითარების დასარეგულირებლად. რადგან საკითხთან დაკავშირებით „ჯორჯიან მარგანეზის“ ხელმძღვანელობა კომენტარს ჯერჯერობით
არ აკეთეთბს.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურელი მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ.
ისინი ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
„ჯორჯიან მარგანეზში“ დაახლოებით 3 700-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმოს ადმინისტრაციის ცნობით, მათი საშუალო ანაზღაურება 750 ლარს შეადგენს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე