თემურ კეპულაძე: „კლიმატურ ცვლილებებში მთავარი დამნაშავე საკანონმდებლო ბაზაა“
21 ოქტომბრიდან, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს,
კვირეულის ფარგლებში, ქუთაისში მცხოვრებ მოსახლეობას, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
– ,,დედამიწის მეგობრები“ გააცნობენ.
,,კვირეულის
მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმის შესახებ, თუ რა საფრთხეების წინაშე დგანან ისინი
კლიმატური ცვლილებების ფონზე,“
– ამბობს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ,,დედამიწის მეგობრების“ დარბაზის წევრი თემურ
კეპულაძე. მისივე თქმით, საქართველოში გამოწვეული კლიმატური პრობლემების ხელშემწყობი
ფაქტორი, ქვეყანაში არსებული კანონებია. ,,საქართველოში
გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებში ერთ–ერთი მთავარი დამნაშავე ის საკანონმდებლო ბაზაა,
რომელიც ბოლო შვიდი წლის მანძილზე გაატარა მთავრობამ. მაგალითისთვის, საკმარისი იქნება
გავიხსენოთ მიმდინარე წლის 30 მარტს მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, დაინტერესებულ
ინვესტორს, ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, ნებისმიერი ქმედების განხორციელება
შეუძლია. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ პროტესტი, მაგრამ ეს კანონი დღემდე
არსებობს. თუმცა იმედი მაქვს, წინა მთავრობის დაშვებულ შეცდომებს ახალი მთავრობა გამოასწორებს
და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები, უკვე აღარ დარჩება როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა
შინა,“- აღნიშნავს კეპულაძე.
გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით,
კლიმატური ცვლილებიდან გამოწვეული უარყოფითი შედეგების მრავალი მაგალითი იმერეთშიცაა.
ერთ-ერთი ასეთი კი მდინარეებში კალაპოტური რეჟიმის დარღვევაა. ,,ქუთაისში
მდინარეების ნაპირები ცუდ მდგომარეობაშია. საერთოდ, ბევრი რამეა გამოსასწორებელი. ვიმედოვნებ,
რომ კვირეულის შემდეგ, საზოგადოების ჩართულობა მაღალი იქნება მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად“-
განმარტავს თემურ კეპულაძე.
კლიმატური ცვლილებების შეხახებ საზოგადოების ინფორმირებულობისათვის,
სავარაუდოდ ,,დედამიწის მეგობრები“, ქუთაისის სკოლებსა და უნივერსიტეტში ჩაატარებს
ლექციებს. კვირეულის ფარგლებში, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლები მოსახლეობას 21 ოქტომბრამდე, ერი დღით ადრე გააცნობენ.
შეგახსენებთ, რომ კლიმატის ცვლილებების კვირეული საქართველოში
მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
აღნიშნულ კვირეულს, მწვანეთა მოძრაობა ,,დედამიწის მეგობრები“
საქართველოში, ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით უკვე
მეოთხე წელია ახორციელებს.
ავტორი: ანა ჯანაშია