ქუთაისში "ოცნების" აქციას წყლის ჭავლით შლიდნენ(?!)
კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მიერ ქუთაისში, გუშინ საღამოს გამართული აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობდნენ - აღნიშნულ განცხადებას აკეთებს კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს წვერი შალვა კიკნაველიძე.
"გუშინ, საღამოს 12:00 საათიდან კოალიციის ახალგზარდული ფრთის ორგანიზებით, ქუთაისქალაქობასთან დაკავშირებით მოეწყო აქცია – "გილოცავთ ქუთაისობას". ეს სიტყვები სანთლებით გამოვსახეთ ტროტუარზე. აქცია, რომელიც ბალახვანში, აღმაშენებლის ძეგლთან მიმდინარეობდა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. აქციის დაწყებისთანავე გამოჩნდა ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოსულმა პირებმა (5 პიროვნება) განგვიცხადეს, რომ ისინი იყვნენ დასუფთავების სამსახურიდან. ჩვენ ავუხსენით, რომ აქცია ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე მიმდინარეობდა და მაქსიმუმ ერთ საათში დასრულდებოდა. ტერიტორიას კი თავად დავასუფთავებდით. თუმცა, ამის შემდეგ, გამოჩნდა წყლის მანქანა, რომელიც ცდილობდა წყლის ჭავლის გამოყენებით აქცია ჩაეშალა," – აცხადებს შალვა კიკნაველიძე.
"წამოვიდა წყლის ჭავლი, სულ სველები ვიყავით. იყო გინება. შეტაკება მოხდა მანქანებს შორის. შეურაცხყოფილები ვართ," – ამბობს კოალიციის შემადგენლობაში შემავალი, "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე თამთა სვანიძე.
კოალიციის ახალგზარდული საბჭოს წევრი განმარტავს, რომ აქციაზე მისულ პიროვნებებთან მოლაპარაკებას ცდილოდბენ, თუმცა, მათი მხრიდან აგრესია შეიმჩნეოდა.
"ჩვენ რომ არ ავრიდებოდით, მანქანა გადაგვივლიდა. ერთი ჩვენი აქტივიტის მანქანაც დააზიანეს. ამის შემდეგ, ადგილზე მოვიდა კიდევ 4 ავტომანქანა, რომელშიც მყოფმა პირებმა არ თქვეს ვინ იყვნენ და სად მუშაობდნენ. ისინი პროვოკაციას აწყობდნენ. რამდენიმე მათგანი ჩვენმა წევრებმა ამოიცნეს – ისინი ქუთაისის მერიის თანამშრომლები იყვნენ," – აცხადებს შალვა კიკნაველიძე.
კიკნაველიძე აქციის დასაშლელად მისულ მერიის თანაშმროლების სახელებსა და გვარებს არ ასახელებს. თუმცა, ამ დროისთვის ცნობილი ხდება რომ მერიის თანამშრომლებს შორის იყო – კახა ხვარეშია, რომელიც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსია, ასევე, თუთბერიძე და ცაავა.
შალვა კიკნაველიძის განცხადებით, არსებობს ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზედაც აქციის მიმდინარეობა არის დაფიქსირებული. შალვა კიკნაველიძე ამბობს, რომ აღნიშნულ მასალებს თავადვე გამოქვეყნებენ და მას ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან, შემდგომი რეაგირებისთვის.
კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული საბჭოს წევრი ამბობს, რომ მიუხედავად აქციის დაშლის მცდელობისა, სიბოლური ხასიათის აქციის მოწყობის გეგმა, მაინც განახორციელეს. შალვა კიკნაველიძის თქმით, აქცია ერთ საათში დასრულდა.
ვინ და რატომ შლიდა "ოცნების" აქციას ქუთაისში და იყვნენ თუ არა მათ შორის ქუთაისის მერის თანამშრომლები? newpress.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა