საია გაუმართლებლად მიიჩნევს ქუთაისის მერიის ჩარევას "ოცნების" აქციაში
საია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევად აფასებს გუშინ ღამით ქუთაისის მერიის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, დასუფთავების სამსახურის წყალსატყორცნი მანქანების გამოყენებას ახალგაზრდების საპროტესტო აქციის წინააღმდეგ.
2 მაისს ღამით, ,,ქუთაისქალაქობის” აღსანიშნავად, ,,ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ანთებული სანთლებით გამოსახეს წარწერა ,,გილოცავთ ქუთაისობას.
”კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ შეკრების მიმდინარეობისას ტროტუარს მიუახლოვდა სატვირთო მანქანა, რომელმაც დემონსტრანტებისა და დანთებული სანთლების მიმართულებით გაუშვა წყლის ჭავლი. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს წყლის ჭავლს სპეცფორმაში გამოწყობილი პიროვნება შეკრების მონაწილეებს.
შეკრება არ იმართებოდა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს არ მოეთხოვებოდათ გაფრთხილების შეტანა ქუთაისის მერიაში. შეკრება იყო კანონიერი. საია დამაჯერებლად არ მიიჩნევს დასუფთავების სამსახურის ქმედების გამართლებას ქალაქის სანიტარიულ-ჰიგიენური ან ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვის ინტერესებით. გაუგებარია, რა საფრთხე შეიძლება შეუმნას ქალაქის სანიტარიულ ან სახანძრო უსაფრთხოებას პლასტიკურ ჭიქაში მოთავსებულმა რამდენიმე სანთელმა,“ – აცხადებენ „საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციაში“.
საიას მიერ გამოქვეყნებულ
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სანთლებით საკუთარი მოსაზრების მშვიდობიანი გამოხატვა არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების არსებითი ნაწილი და ხელისუფლებას ეკისრება ნეგატიური ვალდებულება - ხელი არ შეუშალოს აღნიშნულ ღონისძიებას.
„ქუთაისის მერიის ქმედება - გაეწმინდა ქალაქი პლასტიკური ნარჩენებისაგან - გამართლებული იქნებოდა მხოლოდ შეკრების დამთავრების შემდეგ, თუკი დემონსტრანტები თავად არ გაიტანდნენ პლასტიკურ საგნებს. საია გაკვირვებულია ქუთაისის მერიის მოუთმენლობით, რომელმაც ღონისძიების დასრულებამდე დაიწყო დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება წყალსატყორცნი საშუალებების გამოყენების გზით.
საია მიიჩნევს, რომ შეკრების თავისუფლების შეზღუდვა იყო უკანონო და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევა,“ – აცხადებენ საიაში.
საიაში აღნიშნავენ, რომ
ორგანიზაცია მზად არის სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს შეკრებაში მონაწილე პირებს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი
ქუთაისში გუშინ საღამოს მოხდა. კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მიერ
ორგანიზებული აქცია ორმაისობის დღესასწაულს ეძღვნებოდა. აქცია, რომელიც ბალახვანში, აღმაშენებლის ძეგლთან მიმდინარეობდა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. კოალიციის
წევრები აცხადებენ, რომ აქციის დაწყებისთანავე გამოჩნდა ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოსულმა პირებმა თავი მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებად წარადგინეს.
ამის შემდეგ, გამოჩნდა წყლის მანქანა, რომელიც წყლის ჭავლის
გამოყენებით აქციის დაშლას ცდილობდა.
ავტორი: "ახალი გაზეთი"