|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო უმრავლესობამ „ნაციონალების“ ინიციატივა დაბლოკა

ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების განხილვას „ნაციონალები“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობების კომიტეტის სხდომაზე ითხოვდნენ, თუმცა უმრავლესობამ დღის წესრიგში საკითხის შეტანაზე მათ უარი უთხრა.  

საპარალმენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი თევდორაძის თქმით, კომიტეტის სხდომაზე მათ ჰქონდათ  შეთავაზება უმრავლესობის მიმართ, რომ თვითმმართველობის კომიტეტს ერთიანი პოზიცია ჩამოეყალიბებინა ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული ადამიანების უფლებები ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ხოლო ქვეყნისათვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ისეთი  რგოლისა და სტრუქტურის ნორმალურად ფუნქციონირება,  როგორიც თვითმმართველობაა.

„ჩვენგან არაერთგზის იქნა გაცხადებული ამის შესახებ. ეს არის ზეწოლის ფაქტები, რომელიც ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მისამართით. ჩვენ გვაქვს საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე. ეს არის აჭარის შემთხვევა, როდესაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა დაიბარა ხუთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი. ეს შეეხება მარნეულში მომხდარ ინცინდენტს, წალკას, თეთრიწყაროსა და ახალციხეში მომხდარ ფაქტს,“ - ამბობს თევდორაძე.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, თვითმმართველობებზე ზეწოლას ისინი გმობენ. ხოლო თუ მსგავსი ფაქტები ნამდვილად არსებობს, ისინი არა პარლამენტმა, არამედ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განიხილონ.

„ცალსახა პოზიცია მაქვს, რომ თვითმმართველობებზე ზეწოლა არ შეიძლება.  თუ არის რაღაც ისეთი დარღვევები, რაზეც უმცირესობის წარმომადგენლები საუბრობდნენ  და კანონის გადაცდენას აქვს ადგილი,  კანონის დარღვევის შემთხვევაში სხვა ორგანოები არსებოენ. რაც შეხება პარლამენტს, თვითმმართველობის კომიტეტი არ არის საგამოძიებო ორგანო, რომ ამ საკითხის იურიდიულ-სამართლებრივი შესწავლა დაიწყოს,“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური.


როგორც უმცირესობაში აცხადებენ, საკითხს კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე დააყენებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე