ომიკრონის ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება - გამყრელიძე
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი აღმავალი ტალღა იწყება, რომელიც, დიდი ალბათობით გამოწვეულია ომიკრონის შტამით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ამირან გამყრელიძე აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოში ამ დროისთვის 159 ადამიანია ომიკრონით ინფიცირებული და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად.
"იწყება კიდევ ე.წ. ასეთი აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია ამ ახალი [ომიკრონის] შტამით.
მოგახსენებთ შედარებით დეტალურ ანალიზს იმ 159 შემთხვევისა, რაც დილისთვის იყო დადასტურებული, 17%-ში გვქონდა რეინფიცირება, 67% არიან სრულად ვაქცინირებულები. ყველა ეს 159 შემთხვევა მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად.
ვაქცინების რაოდენობა ამ ეტაპზე ქვეყანაში საკმარისია, რომ ყველა ადამიანმა ჩაიტაროს აცრა და გაიკეთოს ბუსტერი", - განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.
ავტორი: ნიუპრესი