|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორბელიანის სასახლე პრეზიდენტს და ქალს ბევრად უხდება - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში აღარ უნდა იყოს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ქალ პრეზიდენტს ათონელის სასახლე (ორბელიანის სასახლე) უფრო შეეფერება. 

რაც შეეხება პრეზიდენტის არსებულ სასახლეს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ შენობაში სამომავლოდ, შესაძლებელია, შევიდეს ქვეყნის პრემიერი ან საგარეო საქმეთა სამინისტრო შევიდეს. 

„ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო მიღების ადგილი. ეს უკვე მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი. პრეზიდენტი იქ აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც უხდება თავის ფუნქციებს და ქალს და ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება.

მე მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს. ამაში არავინ შემცვლის, იმიტომ, რომ ბაზარში ჩემი საყიდლები მე უნდა ვიყიდო, იქ უნდა წავიდე და შევხვდე ხალხს იმიტომ, რომ ხალხის მოსმენა არის ის, რაც მართლაც სჭირდება ამ ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, ათონელის 25-ში მდებარე შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული. საისტორიო წყაროების მიხედვით, ამ ადგილზე იდგა სასახლე, რომელიც თეიმურაზ მეორეს უჩუქებია თავისი სიძის, დიმიტრი ორბელიანისთვის. სასახლის ბოლო მობინადრე ყოფილა გრიგოლ ორბელიანი, რომლის ხელშიც იმართებოდა ხალხმრავალი ლიტერატურული საღამოები და სხვა სახის ღონისძიებები. მე-19 საუკუნის მიწურულს სასახლე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დაინგრა, თუმცა მის ადგილზე აშენებულ შენობას, რომელიც  გაარემონტეს და აღადგინეს, ორბელიანების სახელი შემორჩა.

 "ქართული ოცნების" დაპირების მიხედვით, სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტს უნდა ეცხოვრა, მაგრამ გიორგი მარგველაშვილმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა და უკვე არსებულ პრეზიდენტის სასახლეს სტატუსი შეუნარჩუნა. 

ავტორი: ნიუპრესი