|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფორუმზე ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უწევთ"

არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი პოლონეთში, კრინიცის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ფორუმის სიახლეებსა და მის მნიშვნელობაზე თორნიკე ბარათაშვილი "ნიუპრესს" ესაუბრა. 

 -წელს ოცდამეშვიდედ ჩატარდა კრინიცის ეკონომიკური ფორუმი,  რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.  ფორუმში წელს პირველად მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი.  აქ თავს იყრიან ევროპის ქვეყნების ლიდერები, პოლიტიკური, სამოქალაქო და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ მიმდინარე გამოწვევებს, პრობლემების გადაჭრის მექანიზნებს და მსჯელობენ ევროპულ პერსპექტივაზე. 

ტრადიციულად, ფორუმზე სხვადასხვა თემატური მიმართულებებით მიდის დისკუსიები. უამრავ სხვა საინტერესო პანელებს შორის გამოვარჩევდი რამდენიმეს, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, "ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივა", "განათლება საზღვრების გარეშე", "ევროპული პერსპექტივა უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდავეთისთვის", "თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან", "უსაფრთხოება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებზე-ევროკავშირი და ნატო", "შავი ზღვის პრობლემატიკა-მიმდინარე გამოწვევები". რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის ჩართულობას კრინიცის ფორუმში, მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს  გამოცდილების მიღების, გაზიარების, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და შემდგომი განვითარების კუთხით.

-თქვენ უკვე რამდენიმე წელია ესწრებით ამ ფორუმს,  რას იტყვით, როგორ იყენებს ქვეყანა ამ შესაძლებლობას, რასაც მსგავსი ტიპის ფორუმები წარმოადგენს?

-აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის  ჩართულობისა, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში პირველად ხდება და ცალსახად პოზიტიური ნიშანია, წელსაც, როგორც გასული წლების მანძილზე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგნელთა ფორუმში მონაწილეობისა და აქტუალური პრობლემატიკის წამოწევის, აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავებისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დისკუსიებში ჩართულობის ინტერესი წელსაც დაბალი იყო.

მნიშვნელოვანია მსგავსი ფორუმების გამოყენება საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხაზგასასმელად პარტნიორებთან სტრატეგიული ურთიერთობის გასაღრმავებლად და დამატებითი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პროდასავლური კურსის მიუხედავად, ჩვენს პრობლემატიკაზე საუბარი და დისკუსიებში ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვა პარტნიორ ქვეყნების წარმომადგენლებს უწევთ, რაც მხოლოდ ხელს უწყობს საქართველოს პრობლემატიკის ამოღებას დასავლეთის პოლიტიკური დღის წესრიგიდან.

ავტორი: ირინა მაკარიძე