ოთარ დანელია ილია II-ს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია II-ს შეხვდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრმა დარგის განვითარების სტრატეგიის ძირითადად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მნიშვნელობაზე, სარწყავი სისტემების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, მექანიზაციისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებებზე გაამახვილა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და სოფლის მეურნეობის ექსტენციის განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას საცდელ მეურნეობაში მიიწვია, სადაც ქართული ვაზის 400-ზე მეტი ჯიშია დაცული.
კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურად ათვისებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვით დაინტერესდა. მისმა უწმინდესობამ მიწათმოქმედების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს. კათოლიკოს-პატრიარქმა მეფუტკრეობის და მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტების - „დანერგე მომავალი“, „აგროდაზღვევა“, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“და ა.შ მიმდინარეობაზე და უკვე მიღწეულ შედეგებზე.
შეხვედრაზე საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ანდრიაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი საქმიანობისა და იმ მემორანდუმის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანიც სამონასტრომევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარება, ეპარქიებში ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია და ქართულ ისტორიულ დიასპორის ტერიტორიაზე ვაზის ქართული, ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენებაა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეპარქიებში უკვე დარგულია ქართული ვაზის სხვადასხვა ჯიშის ნამყენი ნერგები, რაც მეღვინეობა-მევენახეობის დარგის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სოფლის მერნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(R)
ავტორი: