|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოთხოზორია თუ ტატუნაშვილი არ გამოილევა, სანამ რუსეთი არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიას"

"არა ოკუპაციას", "რუსეთი მტერია" ამგვარი გზავნილებით გააპროტესტა დღეს რუსული ოკუპაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში.

აქციის მონაწილეები ჯერ "თეთრ ხიდთან" შეიკრიბნენ, საინადაც მსვლელობით ქალაქის მერიისკენ გადაინაცვლეს,  გზადაგზა კი სტიკერებს -"რუსეთი მტერია" აკრავდნენ. 

ორგანიზაციის წარმომადგენლის გია გოქაძის განცხადებით, რუსული საფრთხე არ განელებულა და ამ ქვეყანაში ოკუპანტების მიერ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები არ დაილევა, ვიდრე არ მოხდება ქვეყნის დეოკუპაცია.

"ჩვენი ტერიტორია მიტაცებული აქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანა არის ჩვენი მტერი, მას უნდა დავარქვათ კონკრეტული სახელი, საბჭოთა რუსეთი იქნება ეს, მეფის რუსეთი თუ დღევანდელი, რუსეთი მტერია! ამის იქეთ, კულტურული თუ სხვა ურთიერთობის აწყობა არის შეუძლებელი, რადგან ეს არის სახელმწიფო, რომელიც გვეომება.

მე მახსენდება იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, რომ თურმე ნატოსკენ სწრაფვით ვაღიზიანებთ მას.  ამით მან მოგვიწოდა რომ ჩვენ თავისუფლებისთვის არ ვიბრძოლოთ. იმერეთის გუბერნატორის,  ასევე ვიცე გუბერნატორის გასაგონად, რომელსაც ევალება ევროპასთან ინტეგრაცია, მინდა განვაცხადო, რომ თავისუფლებას სხვა არავინ მოგვიტანს, თუ არა ის ადამიანები, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ამასთან,  ოთხოზორია, თუ ტატუნაშვილი, არ გამოილევა ამ ქვეყანაში, სანამ რუსეთი არ დატოვებს ჩვენს ტეროტორიას"- განაცხადა გია გოქაძემ.

"ევროპა ჩვენი სახლია" 25 თებერვალს ანტისაოკუპაციო აქციას ყოველწლიურად მართავს.  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე