პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციას განიხილავენ
საქართველოს პარლამენტში სასესიო კვირა დაიწყო. პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 21-დან 23 მარტის ჩათვლით პლენარული სხდომები გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე განხილვის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია იქნება.
რეზოლუციის პროექტი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეთანხმებული ვარიანტია, რომელშიც ასახულია “ევროპული საქართველოს“ ინიციატივა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის შესახებ. პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით იმსჯელებენ.
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრები ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების არჩევის საკითხზე და პარლამენტის დადგენილების პროექტებზე იმსჯელებენ.
პარლამენტი მიმდინარე კვირაში, პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, პარტიული სიის შედგენის წესს (როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულო არჩევნებისთვის) განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ პარტიული სიით წარდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიული სიის ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა კანონპროექტით რეგულირდება წარმომადგენლობითი ორგანოს გამოკლებული, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, წევრის უფლებამონაცვლეობის საკითხი სქესთა ბალანსის დაცვის კუთხით.
მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ორმოცზე მეტი განსახილველი საკითხია.
ავტორი: ნიუპრესი