პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით აქცია გაიმართა
პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით ქალაქის ცენტრალურ მოედანთან აქცია გაიმართა. მასში არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ქუთაისში დარჩენის აუცილებლობაზე ისაუბრეს, დაარიგეს საინფორმაციო ფლაერები.
"არ მოხდეს კონსტიტუციიდან 48-ე პრიმა მუხლის ამოღება, რომლითაც განსაზღვრულია პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი, რაც არის გარანტი პარლამენტის ქუთაისში დარჩენის"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებებისა და განათლებისათვის" ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა.
მისი განცხადებით, დღეიდან იწყება აქციების სერია, რომელიც ერთი მხრივ მიმართული იქნება მოქალაქეების ცნობიერების გაზრდისაკენ ქუთაისში პარლამენტის დარჩენისა და სრული დატვირთვით ამუშავების მნიშვნელობაში, მეორე მხრივ კი, გაგრძელდება ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით.
მომდევნო აქცია ქალაქის დღეს - 2 მაისს გაიმართება. აქციის მონაწილეები ქალაქის გულშემატკივრებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებენ. ხვიჩა ვაშაყმაძის განცხადებით, ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ ამ იდეას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
ავტორი: ირინა მაკარიძე