პარლამენტმა 4 დეპუტატის უფლემამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას მიმართ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი გააცნო დეპუტატებს.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კახაბერ კუჭავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს მისი პირადი განცხადება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის შემთხევაში პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენები, ხოლო ბადრი ჯაფარიძისთვის კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.
საკითხის განხილვა, პოლიტიკური განცხადებების ფონზე გაგრძელდა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მომხსენებლისგან ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, დამატებითი განმარტებები და განხილვის პროცესის გადავადება მოითხოვეს.
პარლამენტის წევრებს განცხადებით ბადრი ჯაფარიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, მისი სულისკვეთება არ შეიცვლება.
„ჩვენი სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო. ვიქნები პარლამენტში თუ მის გარეთ, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არიან მთავარი პრიორიტეტები. მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას იმისათვის რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები დადგეს. ცვლილებები, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს სჭირდება. იმიტომ რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს. ეს მდგომარეობა საბოლოო ჯამში სრულ ნიჰილიზმს იწვევს ჩვენს თანამოქალაქეებში. ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ გაგვტეხავს და მათ შორის ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაც“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება პარლამენტის წევრის, შალვა ნათელაშვილის პოზიციას, იგი საკითხის განხილვას არ დასწრებია.
საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის პროცედურა გაიმართა, რომელიც შემდეგი შედეგებით დასრულდა:
კახაბერ კუჭავა - 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
ბადრი ჯაფარიძე - 77 მომხრე, 38 წინააღმდეგი;
შალვა ნათელაშვილი - 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი;
ელენე ხოშტარია - 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი.
ავტორი: ნიუპრესი