|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში სირიასთან დაკავშირებით განცხადება მომზადდება

პარლამენტი სირიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას და მიმართვას მოამზადებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, პარლამენტის მხრიდან მომხდარზე შესაბამისი შეფასებები გაკეთდეს და ასეც იქნება.

“მინდა გამოვეხმაურო ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევიმუშავებთ ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ და მსურს, გავაკეთო შეფასება. ეს იყო რუსეთის მხრიდან მანიპულირებული გადაწყვეტილება და ასადის რეჟიმმა ამით მხარი დაუჭირა აგრესიას, ოკუპაციას და დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სათანადო შეფასებები უნდა გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზევე გამოთქვა მხარდაჭერა  „ევროპული საქართველომ".

შეგახსენებთ, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ გუშინ აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი