პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება
საქართველოში იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები/ფორმები.
ამასთან, უკვე გაცემული და დღეს მოქმედი „შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით“ – აღნიშნულია ბრძანებაში.
ახალი ბრძანებით, მოწმობა უნდა შეიცავდეს:
სახელს; გვარს; სქესს [ამ გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად];
მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს;
პირად ნომერს; ფოტოსურათს;
პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას;
ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს [დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე ამ ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით];
მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);
QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.
ავტორი: