პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა. თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა.
„საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, რომელიც 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.
II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი