"ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა"
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რუსთაველზე გამართული აქციის ორგანიზატორებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა. მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედების არეალს. წერტილი!
ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ ერთობლივ ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს არის პირველი შეთანხმება და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამის შემდგომ, როგორც გუშინ აღვნიშნე, ჩვენ ვართ მზად, განვიხილოთ ყველა საკითხი და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით დღეს პარასკევი ღონისძიებასთან დაკავშირებით და დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად იყო თუ არა შემთხვევები უფლებამოსილების გადამეტების პოლიციის მხრიდან. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, დღეის მდგომარეობით არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის, თუმცა ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი და თუ დადასტურდა ასეთი შემთხვევა კონკრეტული - ამაზე ვისაუბროთ". - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
როგორც შს მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საბურისას განაცხადა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, მეორე კი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში.
შეხვედრას „თეთრი ხმაურის მოძარობის“ წევრები - დავით სუბელიანი, ბექა წიქარიშვილი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები გურამ იმნაძე და სოფო ვერძეული, „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია დაესწრნენ.
შეხვედრას გიორგი გახარიას გარდა ესწრებოდნენ ასევე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლადო ბორცვაძე.
ავტორი: ნიუპრესი