|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგება-საარჩევნო კამპანიის მუდმივი დაპირება

 ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგება წინასაარჩევნო დაპირებათა ჩამონათვალში კვლავ მოხვდა. მართალია, პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, მაგრამ დაპირებებს უწყვეტი წყალმომარაგების შესახებ  სწორედ მერობის კანდიდატები იძლევიან.  

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, პროექტით წყალმომარაგების მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი მომდევნო წელს უნდა დასრულდეს, ამომრჩეველთა გულის მოგებას ამ დაპირებით მმართველი გუნდის კანდიდატი ცდილობს. გიორგი ჭიღვარიას, „სიტყვიერ დაპირებებში“ წყალმომარაგება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ხელისუფლების კანდიდატი პირობას დებს, რომ მისი მერობის პერიოდში ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

მთავარი დაპირება, რომელმაც ქუთაისში არაერთი არჩევნები მოიგო პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არ გამხდარა. სხვადასხვა უბანში მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების გამო აქციას აქციაზე მართავდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. მის მიერ მოწყობილი პერფორმანსებიდან საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი ასათიანის ქუჩაზე „თევზაობა“ გახდა, სახალისო ამბებში კი მილების გარეშე დარჩენილი ჭა მოხვდა. წულაია ხელისუფლებას უყურადღებობაში და საქმის არმცოდნე კომპანიის ლობირებაში  ადანაშაულებდა. მისი თქმით, ტონობით წყალი იღვრება, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კი დანაკარგს მოსახლეობას ახდევინებს(ტარიფში აისახება).

"თვეობით არის პრობლემა, არავის აინტერესებს. ქალაქის მასშტაბით ტონობით წყალი იქცევა და ამ ხარჯს მოსახლეობას აწერენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არის დასახური, სადაც 400 უსაქმური ზის და არაფერს აკეთებს. კომპანიას თბილისის ნებართვის გარეშე უბრალო სამუშაოების შესრულება არ შეუძლია. ამ ადგილზეც სამი თვეა წყალი იქცევა და არავის აინტერესებს", - განაცხადა წულაიამ. წულაია ასევე ირწმუნება, რომ მილები, რომლითაც ახალი წყალმომარაგებისთვის სისტემა კეთდება, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მრავალწლიანი აქტიურობით „24 საათიანი წყალმომარაგება“ მის საარჩევნო კამპანიაშიც დამსახურებულად იჭერს მნიშვნელოვან ადგილს. ის დემოკრატიული მოძრაობა  - თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატია

თურქული კომპანია „SMK”-ის მიერ არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მისამართით შენიშვნები არაერთხელ გამოთქვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ორგანიზაციის განცხადებით,  წლების წინ მათ მიერ დაწყებული პროექტის დიდი ნხის წინ დასრულებული უნდა იყოს.

წყალმომარაგების პროექტი  რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.  2009 წელს 26 მილიონიანი  ტენდერი გამოცხადდა და ამ სამუშაოების მეორე ეტაპი (პირველი ეტაპი ტენდერის მოსამზადებელ სამუშაოებს, შესაბამისი ტექნიკის შესყიდვას და სამუშაოების დაგეგმვას მოიცავდა) დაიწყო. ეს ეტაპი მიზნად მთავარ ქუჩაზე წყლის მილების გაყვანას გულისხმობდა. ასევე, უნდა მოწესრიგებულიყო სათავე ნაგებობები, დაახლოებით 6 ასეთი სათავე ნაგებობა მოწესრიგდა კიდეც. პროექტი 2013 წელს უნდა დასრულებულიყო და ამ დროისთვის ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

 „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გია თევდორაძე ირწმუნებოდა, რომ პროექტი ახალი ხელისუფლების მიერ გარკვეული მიზეზებით შეჩერდა და წლების შემდეგ  გააგრძელეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას არ იზიარებს ქალაქის ამჟამინდელი მერი შოთა მურღულია, მისი თქმით, წყალმომარაგების სამუშაოების მნიშვნელოვანი პროექტი არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ სწორედ მისი  ხელმოწერით დაიწყო, როდესაც ის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს იჭერდა. თუმცა ქუთაისის მთავარი დაპირება, მოსახლეობას პრობლემად რომ ექცა, ამას ვერც ქალაქის მერი უარყოფს.

 „ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები მართლაც გაჭიანურებულია, რომელზეც პასუხისმგებლობა ფირმა „SMK”-ს ეკისრება. აღნიშნული ფირმის მენეჯმენტი ცოტა ხნის წინ სწორედ გაჭიანურებული სამუშაოების გამო შეიცვალა“-განმარტავდა ქალაქის მერი.

თურქული კომპანიის მიერ 87 მილიონიანი პროექტის უხარისხოდ და დროში გაჭიანურების გამო ქალაქში თვითმმართველობა არაერთხელ გააკრიტიკეს.  მერიაში აცხადებდნენ, რომ მათი მიმართვის საფუძველზე ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების“ ქუთაისის ფილიალის შეზღუდული უფლებების გამო ქუთაისში ითხოვენ, რომ წყალმომარაგების სისტემა სამართავად ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცეს, რაც ბიუროკრატიას და საკითხების გაჭიანურებას შეაჩერებს. ინიციატივას ეთანხმება ქალაქის მერიც, თუმცა თვლის, რომ ამ ვალდებულებებით ქალაქის კომპანიის მართვას ვერ შეძლებს. შოთა მურღულიას განცხადებით, ჯერ უნდა მოხდეს სისტემის გამართვა, ძირითადი სამუშაოების შესრულება და გამართული სისტემა გადაეცეს თვითმმართველობას მართვაში.

კომპანიას, რომელმაც ქუთაისში სრული უკმაყოფილება მოიპოვა სამუშაო ვადა 2018 წელს ეწურება. „SMK”-ამ წყალმომარაგების მეორე ეტაპზე ესპანური კომპანია „კობრა“ შეცვალა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძე განმარტავს, რომ ქალაქში არსებული პრობლემების გამო შენიშვნები კომპანიასთან მათაც ქონდათ, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ზოგჯერ პრობლემები მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ხდებოდა.

„თურქული კომპანია, რომელიც დაახლოებით 87 მილიონიან პროექტს ასრულებს, არის გამოცდილი კომპანია, მაგრამ ქუთაისში კომპანიის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შეიქმნა პრობლემები, რის გამოც ხელმძღვანელობა შეიცვალა. ჩვენც გვქონდა მათ მიმართ შენიშვნები, მაგრამ პრობლემები მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამოც ხდებოდა. მათ არ იცოდნენ  დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რა მიმდინარეობდა და რა ვადებში. ამ დროისთვის 120 კილომეტრი არის დამონტაჟებული ქუთაისში და ეს სამუშაოები, რა თქმა უნდა,  გამოიწვევდა დისკომფორტს, ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ პიარ კამპანიის გამართავს მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის“,-განაცხადა ზაზა სიხარულიძემ. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ქუთაისში დამატებით ქვეკონტრაქტორი კომპანიები მუშაობენ, რომლებიც პარალელურად სხვა სამუშაოებს ატარებენ.

დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ სამუშაოების მეორე ფაზა 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. მოხდება სრული დაფარვა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რაც წყლის  დანაკარგს შეამცირებს.  მისივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის დროს 24-საათიან წყალს დამატებით 3300 აბონენტი იღებს, 8000-ს  3-4 საათით გაუუმჯობესდა დრო.

თუ პროექტი წარმატებით და ვადებით შესრულდა, მომდევნო არჩევნებში ქუთაისში წყლის პრობლემა აქტუალობას დაკარგავს და კანდიდატებს, ახალი სამოქმედო გეგმისა და პროგრამის შერჩევა „პოლიტიკური, ცივი წყლის“ გარეშე  მოუწევთ.

 

ავტორი: ნიუპრესი