|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერ-მინისტრი ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა (R)

"საქართველოს მომავალი არის ძალიან ნათელი, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე და ის წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველანი გავერთიანდებით ერთიანი, ძალიან საინტერესო განვითარების გეგმების გარშემო"- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელვაჩაურის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ილია ნაკაშიძე და მერაბ კარანაძე წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ საქართველოს აშენებს ხელისუფლება და მის მშენებლობაში თითოეული ადამიანის მონაწილეობა სურს. პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და მოსახლეობას სამომავლო გეგმები, მათ შორის მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმები გააცნო.

„ძალიან საინტერესო პერიოდი გველის წინ - აღმავლობის, სწრაფი განვითარების და ჩვენი ქვეყნის, რეალურად თანამედროვე, განვითარებულ ქვეყანად გარდაქმნის. ჩვენ მოვახდინეთ მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში. ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანები გათავისუფლდნენ, ბიზნესი გათავისუფლდა, დღეს არავის აღარ აძალებენ ამ თუ იმ ობიექტის მშენებლობას, არ აძალებენ მათთვის არასასურველი პროექტის განხორციელებას. დღეს წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ თავისუფალია. დღეს არ არის ტელევიზიებზე, მედიაზე ზეწოლა. ისმის ხშირად მთავრობის კრიტიკა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ცუდები ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ადამიანები არიან თავისუფლები, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გაცილებით უფრო სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საუბარია, უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემის რეფორმაზე, რათა პედაგოგი უფრო დაფასებული იყოს.

„პედაგოგი უნდა იყოს აუცილებლად ყველაზე დაფასებული ადამიანი, რა თქმა უნდა ექიმებთან ერთად. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც გაჭირვების წლებში უზრუნველყვეს ჩვენს ქვეყანაში განათლების უწყვეტობა, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სოფლიდან სოფლად კილომეტრებს გადიოდნენ საკუთარ მოსწავლეებთან ერთად, რომ გაკვეთილი ესწავლებინათ, მაშინ როდესაც, შიოდათ, სწყუროდათ და ჩასაცმელი არ ჰქონდათ. ამიტომ, არ შეიძლება, ჩვენ ამ ადამიანებს მინიმუმ მადლობა არ ვუთხრათ, არ დავუფასოთ და მუდმივად დავაშინოთ გამოცდებით, ტესტირებით და ასე შემდეგ”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განმარტებით, ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციასაც მოიცავს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა დაიწყება, ხოლო, ბათუმიდან აჭარის მთიანეთში მიმავალი გზები იქნება სრულიად თანამედროვე სტანდარტის, რათა აჭარაში განვითარდეს მცირე, საოჯახო ტურიზმი, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება ყველა ოჯახში. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა კიდევ უფრო ხალხზე ორიენტირებული გახდება, მმართველობის რეფორმის ფარგლებში, ბიუჯეტირების პროცესში რეგიონები ჩაერთვებიან.

„რეგიონებში ცხოვრების დონე უნდა დავუახლოვოთ ქალაქის ცხოვრების დონეს. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა სოფლად. ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია აჭარისთვისაც და, რა თქმა უნდა, მთიანი რეგიონების განვითარება იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. უმნიშვნელოვანესია მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია - ორი ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტში მივა ინტერნეტი, ასევე, გაზიფიცირება, წყლით მომარაგება, ირიგაცია, სარწყავი სისტემების განვითარება - ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმის სახით უკვე გვაქვს და ჩვენ ვიწყებთ ამ ძალიან ამბიციური, ძალიან მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებას“, - მიმართა პრემიერმა ხელვაჩაურის მოსახლეობას.

ავტორი: ნიუპრესი