„ასფალტის ქალები“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
10 სხვადასხვა ქალის ამბავია აღწერილი წიგნში, რომელსაც უცნაური სახელწოდება „ასფალტის ქალები“ ქვია. მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ადამიანების ისტორიები ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში ჟურნალისტმა ლია ხარაბაძემ შეაგროვა, ბროშურა კი პროექტის ხელმძღვანელის ქეთი ბერძენიშვილის რედაქტორობით გამოიცა.
პროექტი, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლებებისა და განათლებისათვის“ იმუშავა, პირველ რიგში, ამ ქალებისათვის ქმედითი დახმარების აღმოჩენას ისახავს მიზნად. „პროექტი დასრულდა, თუმცა ამით არ სრულდება ჩვენი სამუშაო, ჩვენ გავწევთ ადვოკატირების სამუშაოს, რომ ამ ქალებმა მიიღონ რეალური დახმარება,“-განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმროში „რჩეული“ გაიმართა.
ორგანიზაციის „უფლებებისა და განათლებისათვის“ და პროექტის ხელმძღვანელის ქეთი ბერძენიშვილის განცხადებით, ეს ქალები არიან უსახლკარო, სოციალურად დაუცველები, მათ შორის არიან ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, შშმ პირები. მათი ისტორიების გაცნობის შემდეგ ორგანიზაციის იურისტმა ქეთი სვანიძემ შეადგინა დოკუმენტაცია, რომელიც წარუდგინეს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, რათ ამ ქალებისათვის დახმარების აღმოჩენა რეალური გამხდარიყო.
პროექტის ფარგლებში გაცნობილი ქალების უმეტესობას აქვს საცხოვრისის პრობლემა, მათი სურვილია მიიღონ თავშესაფარი სოციალურ სახლში. რეალური დახმარება ჯერჯერობით ერთ-ერთ მათგანს გაეწია, რომელიც უმძიმეს პირობებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა, მას ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ მერიამ ბინა უქირავა.
პროექტის წევრების განცხადებით, უმძიმესია ამ ადამიანების ისტორიები: ერთ-ერთი მათგანი არის შშმ პირი, რომლის შემოსავალი ჯართის შეგროვებით მიღებული გროშებია, არის ასევე ქალბატონი, რომელსაც ჰყავს ფსიქიურად დაავადებული შვილი და გაუსაძლისია მასთან ერთად ცხოვრება, თავად ეს ქალბატონი შშმ პირია და ითხოვს სოციალური დახმარების აღდგენას, ასევე შვილის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას.
ლია ხარაბაძის განცხადებით, ასეთ პირობებში მცხოვრები უამრავი ადამიანია ჩვენს ირგვლივ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 10 მათგანი შეირჩა და ბოლომდე მიყვებიან, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მათ დახმარება გაეწიოთ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“.
ავტორი: ირინა მაკარიძე