პროკურატურამ ტყიბულის მერიის თანამშრომელს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, ჯონი ქასრაშვილს, ბრალდება წარუდგინა.
როგორც ირკვევა, 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
ქასრაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ავტორი: ნიუპრესი