"პროტესტის მუხტი არ გაჩერდება, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან"-გიგა შუშანია
ხელისუფლების გუშინდელი მცდელობა პროტესტის მუხტის დასახშობად ეს არის მართლაც თამაში, ფარსი იმისა, რომ თითქოს რაღაცის გამოძიებას აპირებენ,- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ რეალური დამნაშავეები არ დაისჯებიან.
როგორც გიგა შუშანიამ "ნიუპრესს" განუცხადა, დღევანდელ აქციაზე, რომელიც თბილისში პარლამენტის წინ გაიმართება, მოქალაქეები ქუთაისიდან და იმერეთიდან შეუერთდებიან.
"არა მხოლოდ ქუთაისიდან, მთელი რეგიონიდან უამრავი ადამიანი და არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრი, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები უერთდებიან ამ აქციას. ჩვენ ვუერთდებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხვოვნებს, რაც იგივე რჩება - სამართლიანობა უნდა აღდგეს და დაისაჯონ დამნაშავეები, ის ადამიანები, ვინც გააყალბეს ეს საქმე. მთელი სისტემა მონაწილეობდა ამ საქმის გაყალბებაში. ყველა იმ ადამიანმა, ვინც გასცა პოლიტიკური დავალებები, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ხელისუფლების გუშინდელი მცდელობა, რომ როგორმე ეს მუხტი ჩაეხშო, ეს არის თამაში, ფარსი იმისა, რომ თითქოს რაღაცის გამოძიებას აპირებენ.. მართლაც დაცინვაა, როდესაც პროკურორი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა მოწმეებზე, აყალბებდა საქმეს, მთავარ პროკურორთან და სხვა ადამიანებთან ერთად, დააკავეს მხოლოდ დანაშაულის დაფარვისათვის, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. ეს არის დაცინვა, აქედან გამომდინარე, ეს პროტესტის მუხტი არ გაჩერდება, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ირინა მაკარიძე