ქალაქიდან გასვლის საშვის მისაღებად ქუთაისის მერიასთან რიგები არ წყდება
ქუთაისის მერიასთან ხალხმრავლობა უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის ავტომანქანით ქალაქიდან გასვლის ნებართვის მისაღებად ადამიანებს გრძელ რიგში დგომა რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ.
ის ადამიანები, ვინც საშვის მიღება გუშინ ვერ შეძლო, დღეს რიგში დილიდან დგანან. გუშინდელისაგან განსხვავებით, ამჟერად რიგი მოწესრიგებულია. ადგილზე მობილიზებული არიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს დისტანციის დაცვისაკენ მოუწოდებენ.
"ყველაფერი ონლაინ გახდა შესაძლებელი და რატომ არ შეიძლებოდა საშვების გაცემის საკითხიც ონლაინ მომხდარიყო, ვინც შეძლებდა, ონლაინ დარეგისტრირდებოდა, ამხელა რიგი აღარ იქნებოდა აქ", - აცხადებენ მოქალაქეები.
ადგილობრივ ხელისუფლებაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი დღეს ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება გუშინ იმერეთის რწმუნებულმა გააკეთა. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საშვების მიღება გუშინ მოქალაქეების 70 -მა პროცენტმა შეძლო. მისივე თქმით, ხალხმრავლობის გამო მოქალაქეთა შორის დაირღვა დისტანცია.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოს 4 ქალაქი, მასთ შორის ქუთაისი ჩაკეტილი რჩება.
ავტორი: ნიუპრესი