"ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთი"-დისკუსია ქუთაისში
ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთი: პოლიტიკური და იდეოლოგიური განზომილება,- აღნიშნულ საკითხზე დისკუსია გაიმართა, რომელიც ჰანრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო.
დისკუსიაში არქიტექტორი ირაკლი ჟვანია, "კიბერთეატრის" წევრი გიორგი ხასაია, ურბანისტი დავით გოგიშვილი მონაწილეობდნენ. შეხვედრას ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი უძღვებოდა.
მომხსენებლებმა ქალაქში გახმაურებულ მშენებლობებზე, გასხვისებულ სკვერებზე და იმ პრობლემურ თემებზე ისაუბრეს, რაც ქალაქის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორია. მომხსენებლების განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობამ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება არ უნდა დაუშვას.
„ქალაქის თვითმმართველობა არ უნდა ფიქრობდეს მხოლოდ საკუთარ სურვილებზე, ან ფინანსურ მხარეზე. პირველ რიგში, საჭიროა სტრატეგიული შეხედულებები. მერიამ კერძო ინვესტორს უნდა შეურჩიოს ალტერნატიული ადგილი, რომელიც ნაკლებად დააზიანებს საზოგადოების ინტერესს,-განაცხადა ურბანისტმა დავით გოგიშვილმა. მისი თქმით, ქუთაისისათვის მნიშვნელოვანია აეროპორტის ამოქმედება, რამაც მეტად პოპულარული გახადა ქუთაისი, თუმცა მხოლოდ ტურიზმის განვითარება ქალაქის განვითარებისთვის საკმარისი არ არის.
შეხვედრაზე ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის "მაკდონალდსის", ასევე ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსებს შორის არსებულ სკვერში კაფის მშენებლობის საკითხზე, რომელიც მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერდა. დამსწრე საზოგადოების თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტივობა.
დისკუსიას ადგილობრივი თვითმმართველობიდან ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი დაესწრო. მისი თქმით, ქალაქის განვითარებისთვის და ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია მიზიდულობის ცერტილების გაჩენა. კლდიაშვილის მოსაზრებით, აუცილებელია ქალაქს რამდენიმე ცენტრი ქონდეს, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების გაზრდას და ქალაქის თანაბარ განვითარებას.
შეხვედრა დემოკრატიის სკოლა, NIMD-ის ოფიში გაიმართა, სადაც ფოტოგამოფენა „ვისია ქალაქი?“ იყო წარმოდგენილი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი