"ქალის ხმა იგებს არჩევნებს" - პროექტის ფარგლებში ქალთა საჭიროებები გამოვლინდა
პროექტის "ქალის ხმა იგებს არჩევნებს" ფარგლებში ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ძირითადად, ქალები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდების თქმით, მათ სურთ, რომ ქალაქი მეტად თანამედროვე და ინოვაციური იყოს, არა მხოლოდ იმისთვის რომ განათლება მიიღონ და მოახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება, არამედ შეძლონ თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება.
შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ტრანსპორტის საკითხებს. ქუთაისელ სტუდენტებისათვის პრობლემაა სტუდენტური ბარათების უქონლობა. როგორც მათ აღნიშნეს, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან, თუნდაც თბილისელ ახალგაზრდებთან შედარებით, სადაც სტუდენტები სარგებლობენ ფასდაკლების სისტემით, ქუთაისში კი მსგავსი არ არსებოს, რადგან ქალაქში არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი.
ქალთა პრობლემები დაკავშირებულია როგორც შრომით უფლებებთან, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურასთან. ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, მას სამსახურზე უარის თქმა იმის გამო მოუხდა, რომ საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო შინ დაბრუნება პრობლემას წარმოადგენდა. ქუთაისის მერიის სპეციალისტის ნათია ბაღდავაძის განცხადებით კი, მეტად უნდა შეეწყოს ხელი ქალთა შრომით უფლებებს.
შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის", ხელმძღვანელის, ქეთი ბერძენიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტებს წარუდგენენ.
"დასაქმებული ქალები, მათ შორის თვითმმართველობაში, გამოყოფენ შემდეგ პრობლემებს, რომელიც არის დარეგულირებული კანონმდებლობით, მაგალითად, მცირეწლოვანი ბავშვების დედებს, კანონის თანახმად აქვთ უფლება სამსახურში ნახევარი საათით დააგვიანონ, თუმცა ამის შესახებ ბევრ მათგანს ინფორმაცია არ აქვთ, ან სამსახურის ხელმძღვანელები არ აწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში, ისინი სამსახურში დროულად ცხადდებიან, თუმცა პრობლემა აქვთ, თუ სად წაიყვანონ პატარა ბავშვი. ქალებით თქმით, ქუთაისში რამდენიმე სკოლაა, სადაც მოსწავლეები რამდენიმე ცვლაში სწავლობენ, რაც დასაქმებული ქალებისათვის დამატებით პრობლემას აჩენს. ქალების განცხადებით, ქუთაისში მეტი სკოლა უნდა ფუნქციონირებდეს, რომ ბავშვებს არ უწევდეთ მეორე და მესამე ცვლაში სწავლა. ასევე ქალები აღნიშნავენ, მეტი სპორტული მოედნისა და სკვერის არსებობის საჭიროებას, სადაც ბავშვები გაატარებენ თავისუფალ დროს, რაც ქალებს გამოუთავისუფლებს დროს თვითრეალიზაციისათვის. შეხვედრებზე გამოკვეთილ საჭიროებებთან დაკავშირებით რეკომენდაცია მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველობას, რათა ეს საკითხები აისახოს ბიუჯეტში"-განაცხადა ბერძენიშვილმა.
ქეთი ბერძენიშვილის თქმით, მათმა ორგანიზაციამ აღნიშნული კვლევა ჩაატარა, როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ასევე ქუთაისში მუნიციპალიტეტების მიხედვით. მისი თქმით, არსებობს იდენტური პრობლემები, რომლის მოგვარება ყველას უნდა, თუმცა, პერიფერიებში მცხოვრებ ქალებს დამატებითი პრობლემები აქვთ.
ავტორი: ირინა მაკარიძე