ქართველი და აფხაზი მომღერლების მონაწილეობით „შერიგების ფესტივალი“ იგეგმება
„ჩემი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობდი, მინდა გარკვეული ხიდი იყოს არა მხოლოდ აფხაზებსა და ქართველებს შორის, არამედ სხვა ერებს შორის. -აცხადებს მომღერალი ტარიელ მაისურაძე.
მისი თქმით, კონცერტს რუსი ხელოვანებიც შემოუერთდებიან - "მჯერა მხოლოდ სიყვარული, სიკეთე და ხელოვნება გაამთელებს იმ ხიდს, რომელიც ჩვენს მშობლიურ აფხაზებს ჩვენამდე მოიყვანს“, -აღნიშნავს ის.
მისი სახელი ქართველი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია. ის საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და თავისი პროექტის „შერიგების ფესტივალის" განხორვიელებისათვის მუშაობა დაიწყო.
ტარიელ მაისურაძე გუდაუთელი, აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანია. საესტრადო და სამსახიობო მოღვაწეობა ტარიელმა აფხაზეთში დაიწყო, ხოლო შემდეგ ბელორუსიაში მოუწია გაგრძელება.
მან მალევე მოიპოვა ადგილობრივი მსმენელის სიყვარული და ამ ქვეყნის საპატიო მოქალაქე, დამსახურებული არტისტი და საზოგადო მოღვაწე გახდა.
მიუხედავად მძიმე პერიოდისა და მრავალი სირთულისა, მომღერალმა შეძლო ადგილი დაემკვიდრებინა აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც ქართველ ხელოვანს. ახლახანს ტარიელი საქართველოში დაბრუნდა გრანდიოზული პროექტით, რომლის მიზანიც აფხაზ და ქართველ მომღერლებთან ერთად „შერიგების ფესტივალის“ გამართვაა.
„ჩემი ძმა რომელიც აფხაზეთთან ომის დროს დაიღუპა და ეროვნული გმირია, სიხარულით შეხვდებოდა ჩემს პროექტს, რადგან დროა ომი და ძალადობა ერთმანეთის სიყვარულმა ჩაანაცვლოს და დაახლოოს ჩვენი ხალხი“,-აცხადებს მაისურაძე.
ტარიელ მაისურაძე იმედოვნებს, რომ მის ინიციატივას მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდება, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან.
ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია გადასული და მომღერალი ჯგუფ "ინკონტაქტ"-თან ერთად გადის რეპეტიციებს და ქართულ რეპერტუარზეც მუშაობს.
ახალი ქართული სიმღერების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება. საქველმოქმედო კონცერტს დევნილი მომღერალი საესტრადო-სიმფონიურ ორკესტრთან, ასევე ქართველ, აფხაზ, ოს, რუს და ბელორუს კოლეგებთან ერთად მიმდინარე წელს გამართავს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა