ქუჩაში მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს
ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს. შესაბამისი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და ის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, კანონპროექტით შემოდის სტატუსი ”მიუსაფარი ბავშვი", რომელზეც მთელი რიგი საჯარო სერვისი იქნება მიბმული.
"ჩვენი ყველას - სახელმწიფოს და საზოგადოების ტკივილია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ყველა ბავშვს აქვს განვითარების უფლება, ამიტომაც პარტნიორ ორგანიზაციებსა და კოლეგა სამინისტროებთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობამ დღეს ერთხმად დაამტკიცა და რომელიც ემსახურება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უკეთესად დაცვას. პირველი ცვლილების მიხედვით, საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება – "მიუსაფარი ბავშვი", ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. მაგალითად, დღეს თქვენ იცით, რომ ამგვარი ბავშვები ვერ იღებენ საბუთებს, ვერ ხდება მათი იდენტიფიკაცია თუ საიდან მოდიან, ვინ არიან, რომელი ქვეყნიდან შემოვიდნენ და არიან თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და აქ დაბადებულნი, იმიტომ რომ მათ იდენტიფიცკაციაზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირები ჩვენ არ მოგვმართავენ და რეალურად ეს ბავშვები რჩებიან იდენტიფიკაციის პროცესის მიღმა. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ანუ სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროსადმი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტით ასევე ფართოვდება სოციალური მუშაკის უფლებამოსილება.
"სოციალურ მუშაკს ამ რეფორმით მიეცემა საშუალება უგულვებელყოფის ან ძალადობის შემთხვევაში უკიდურესი ზომის სახით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება სასამართლოს ორი ინსტანციის წინაშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა მყისიერად და განცალკევება მოხდება მაშინვე. ჩვენ გვინდა, რომ სოციალური სამუშაო განვითარდეს საქართველოში და ის უკეთესად მოემსახუროს ქუჩაში მყოფი ბავშვის უფლებებს, რომელთა საბოლოო მომავალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ქუჩასთან დაკავშირებული", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
წყარო:ipn.ge
ავტორი: