ქუთაისელ ქალთა საჭიროებები - კვლევის შედეგები
„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების შესახებ მოკვლევის პირველადი ანგარიში გამოაქვეყნა.
მოკვლევა მიზნად ისახავდა ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენას და აღნიშნულ საჭიროებებზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირებას, რათა მათი მხრიდან მოხდეს ქალთა საჭიროებების საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინება, არჩევის შემთხვევაში კი ამ საჭიროებებსა და პრობლემებზე მუშაობა. კვლევა ჩატარდა საქართველოს 8 რეგიონის 4 თვითმმართველი ქალაქში (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) და ასევე, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, გორის, ახალციხის, ოზურგეთის, ქედას, შუახევის, ხულოს და თელავის მუნიციპალიტეტებში.
„ჟურნალისტთა ქსელის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქუთაისელ ქალთა პრობლემები დაკავშირებულია, როგორც შრომით უფლებებთან, ასევე, ქალაქის გაუმართავ ინფრასტრუქტურასთან.
„ერთ-ერთი ქალის თქმით, მას სამსახურზე უარის თქმა იმის გამო მოუხდა, რომ საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო შინ დაბრუნება პრობლემას წარმოადგენდა. ქუთაისელი სტუდენტები ითხოვენ სტუდენტური ბარათის შემოღებას. ქალების განცხადებით, ქუთაისელი სტუდენტები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან, თუნდაც თბილისელ ახალგაზრდებთან შედარებით, სადაც სტუდენტები სარგებლობენ ფასდაკლების სისტემით, ქუთაისში კი მსგავსი რამ არ არსებობს, რადგან ქალაქში არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი,“ - ნათქვამია ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, ქუთაისელ დედებს განსაკუთრებით სჭირდებათ საცხოვრებელ კორპუსებთან სპორტული მოედნების გაკეთება; სკოლების რაოდენობის გაზრდა; კულტურული დასვენების ადგილების შექმნა.
ქალებს სურვილი აქვთ მეტად ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგში, განსაკუთრებით, ბიუჯეტის განაწილება-ხარჯვის პროცესში
„ქუთაისში მცხოვრები შშმ პირები წლებია ერთსა და იმავე პრობლემაზე საუბრობენ, ეს არის ადაპტირებული ავტობუსი, რომელიც ძალიან სჭირდებათ გადაადგილების შეზღუდვის მქონე ადამიანებს. არის შემთხვევები, როცა ადაპტირებული ტრანსპორტის არ არსებობის გამო, სამსახურისთვის თავის დანებება მოუწიათ, რადგანაც, ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას,“ - წერია ანგარიშში, რომელშიც შშმ პირების სხვა საჭიროებებზეცაა საუბარი.
„დევნილები, რომლებიც 25-წელზე მეტია ქუთაისსა და წყალტუბოში სასტუმროების და სანატორიუმების ყოფილ შენობებში ცხოვრობენ, მძიმე პირობებზე საუბრობენ. წყალწითელას პანსიონატის ერთ-ერთ საცხოვრებელში (შენობა ხუთ სართულიანია) არ არის წყალი, გაზი და მოუწესრიგებელია კანალიზაცია. პანსიონატიდან მოშორებით მდებარე ჭიდან უწევთ ყოველდღიურად ათეულობით ლიტრი წყლის ზიდვა. გარდა ამისა მოუწესრიგებელია გზა, რაც უფრო ართულებს მდგომარეობას. დაზიანებულია შენობის სახურავი, რომლის შეკეთებას წლებია ითხოვენ. „წყალტუბოს სანატორიუმ „წყალტუბოში“ 20-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი პირობებიც გაუსაძლისია. სასტუმრო „მეტალურგშიც“ იგივე მდგომარეობაში ცხოვრობენ ქალები და ბავშვები...“ - ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც ქეთაისში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებზე ვრცლადაა მოთხრობილი.
ვრცლად ანგარიში იხილეთ ლინკზე: https://uploadfiles.io/5ze6t
ავტორი: ნიუპრესი