|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წინწკლებიანი კალმახი წითელ წიგნშია შეყვანილი, თუმცა, შესაძლოა, ის რესტორნის მენიუში აღმოჩნდეს"

ქართველ მამაკაცებში ნადირობა და თევზაობა დიდი პოპულარობით სარგებლობს, ზოგისთვის ეს გასართობი სფეროა, ზოგისთვის სპორტი, ზოგიც კი ამით საზრდოობს.  რამდენიმე თვის წინ, ცხოველთა დამცველებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ახალი რეგულაციების მიხედვით, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ მეთევზეებს და მონადირეებს, თუმცა კანონი უმეტეს წილად მონადირეებზე ვრცელდება.

რა პრობლემის წინაშე დგანან მეთევზეები, არის თუ არა თევზების ჯიშების განადგურების საშიშროება?- ამ საკითხებზე ქუთაისელ მეთევზეს, გიორგი ჭოლაძეს ვესაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა,  საქართველოში თევზაობა სერიოზულ, ექსტრემალურ სპორტად ჩამოყალიბდა და მიუხედავად პრობლემებისა, პერმანენტულად ეწყობა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შეჯიბრებები.

-გიორგი,  რამდენი ხანია რაც თევზაობით ხარ დაინტერესებული და რამდენად კარგად იცნობ ამ სფეროს?

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა თევზაობა, პატარაობიდანვე დავიწყე  ამ სფეროს შესწავლა, ნელ-ნელა  ეს სპორტი ჰობად გადაიქცა ჩემთვის. შევისწავლე თევზის სახეობები. არსებობს პასიური და აქტიური თევზაობა. პასიურია თევზაობა,  როდესაც ერთ ადგილზე ზიხარ და შემზადებულ ადგილზე მოიზიდავ თევზს, ტივტივით, ფსკერული ფიდერის მეთოდით. აქტიური თევზაობა არის, როდესაც "სპინინგით" და "ფლაი ფიშინგი" თევზაობ,- ამ სფეროს ადარებენ ნადირობას, შეიძლება გავდეს კიდევაც, ვინაიდან აქაც ეძებ თევზს და ძალიან აქტიური და კონცეტრირებული უნდა იყო, არის კლასიკური თევზაობებიც... 

-საქართველოში თევზაობით ბევრია დაინტერესებული, ალბათ, ბევრისთვის გასართობი სფეროა.  შენთვის რამდენად საინტერესოა და რა ექსტრემია თევზაობა?

-ჩემთვის ეს სფერო ძალიან საინტერესო და ექსტრემალურია. პირადად მე, სპინინგით თევზაობას ვანიჭებ უპირატესობას.  ხარ მოძრაობაში, დადიხარ, ნახულობ არაჩვეულ ბუნებას, შეიძლება ჭაობშიც აღმოჩნდე და თავგადასავლებიც გადაგხდეს, არის სარისკოც, თუმცა ამავდროულად სპორტული და სასიამოვნო პროცესია.

- მეთევზეების ნაწილი არ იცავს კანონებს, ვგულისხმობ ისეთი ხელსაწყოების გამოყენებას, რომლებიც ანადგურებს თევზს. აღნიშნული ფაქტები, სავარაუდოდ, თევზის სახეობის გადაშენებას იწვევს.. თუ არის გათვალისწინებული სანქციები ე.წ  არასწორ თევზაობასთან დაკავშირებით და ახალი კანონი თუ მოქმედებს პრობლემის აღმოსაფრხველად?

- ვგმობ ბრაკონიერების ქმედებას, ეს მკაცრად უნდა გაკონტროლდეს!.. მათი ქმედებები, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, რომელიც უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს. ამის შედეგია, რომ საქართველოში რამდენიმე თევზის სახეობა განადგურდა. მაგალითად, 20 წლის წინ ჩვენს მდინარეებში, საკმაოდ კარგი თევზის ჯიში არსებობდა- „ფარგა“, რომელიც ასეთი ქმედებების გამო განადგურდა,  იგივე "სუდაკი", - ამ თევზის სახეობა დასავლეთ საქართველოში ფაქტიურად აღარ არის, გადაშენდა. თუნდაც "ორაგული",  ძალიან რთულად  მოსაპოვებელია უკვე, მგონი, ერთი მდინარეშიღა დარჩა. სამწუხარო რეალობაა, დროულად უნდა მიეხედოს ამ პრობლემას!.

 - გარდა ამისა, სხვა რა პრობლემებია, რომლებიც თევზის გამრავლებას უშლის ხელს?

- ბრაკონიერების გარდა, თევზის განადგურებაზე მოქმედებს დაბინძურებული მდინარე. ხელოვნური დაბინძურება, ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმინს თევზს გაზრდაში, გამრავლებაში და ასე შემდეგ...

- სერიოზული პრობლემებია, როგორ წარმოგიდგენიათ მათი მოგვარება ?

 -ბაზარში და სხვა დაწესებულებებში, არ უნდა იყიდებოდეს უსაბუთო თევზი. ამით დაისჯებიან ე.წ ბრაკონიერები და უფრო მარტივად მოხდება პრობლემის მოგვარება. როცა მათ პროდუქტს არ ჩაიბარებენ, შესაბამისად, არც სურვილი ექნებათ მსგავსი მაქინაციების ჩატარების. ჩემი აზრით,  აუცილებლად  უნდა გაკონტროლდეს პროდუქტი ბაზრებში, რესტორნებში და ასე შემდეგ, რომ არ მოხდეს იმ თევზების განადგურება, რომელზეც  თევზაობა აკრძალურია. მაგალითად, წითელ წინწკლებიანი კალმახი წითელ წიგნშია შეყვანილი და მისი დაჭერა, რა თქმა უნდა, აკრძალურია, თუმცა, შესაძლოა, ის რესტორნის მენიუში აღმოჩნდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მეთევზის ინიციატივითა და ძალისხმევით, იმისთვის რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს,  კალმახზე თევზაობა დაშვებული გახდა.  კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, კალმახზე თევზაობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება კანონიერად, თუ დაჭერა მოხდება სპორტული მეთოდით, - დაიჭირე და გაუშვი.

- როგორც ვიცი საქართველოს სპინინგით მეთევზეთა ფედერაციის წევრი ხარ, გვიამბე ფედერაციის საქმიანობის შესახებ?  

- ფედერაცია სამი წელია რაც არსებობს და იგი 30 წევრისგან შედგება. ჩვენ  სისტემატურად ვაწყობთ შეჯიბრებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. წევრების ძირითადი მოვალეობაა  პოპულარიზაცია გაუწიოს თევზაობის ამ სახეობას - სპინინგს. ჩვენი მიზანიც  და მოწოდებაც ეს არის, ჯანსაღი თევზაობა, სპორტი  და დასვენება.  ფედერაციაში ქუთაისიდან 10 ადამიანია გაწევრიანებული, დანარჩენი თბილისიდან  და ბათუმიდან არიან.

-რამდენი ხანია ეწყობა შეჯიბრებები და რა შედეგები გაქვთ სპორტის ამ მიმართულებაში?

სპორტულ შეჯიბრებები და ტურნირები, ფედერაციის დაარსებასთან ერთად დაიწყო. ტარდება როგორც გუნდური, ისე შიდა შეჯიბრებები. ყველა შეჯიბრში ვღებულობდი მონაწილეობას და ჩემი სურვილია, საქართველოს სახელით წარვსდგე რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე, ეს არის ჩემი მიზანიც და ოცნებაც. რაც შეეხება მიღწევებს,  2016 წელს ავიღე მე-2 ადგილი, იყო ტურნირები, როდესაც სამეულშიც ვერ ვხვდებოდი, თუმცა ნელ-ნელა წინ და წინ წავედი. იყო პირველი ადგილებიც, რამაც მომცა დიდი სტიმული. ასევე, რამდენიმე თვის წინ ფოთში ჩატარდა შეჯიბრი, ქარიყლაპიასა და ქორჭილას თევზჭერაში სპინინგით, აღნიშნულ ტურნირში ჩვენი გუნდი "პირანია" პირველ ადგილზე გავიდა, ასევე პირად შეჯიბრშიც გავიმარჯვე და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი  ბედნიერება. იმედი მაქვს, ეს სფერო თანდათან განვითარდება და მისი უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი