ქუთაისელი შშმ მომღერლის შეუზღუდავი შესაძლებლობები [VIDEO]
შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ვეკო აფრიდონიძემ. 20 წლის გოგონამ ახლახანს ჯგუფ „ოჩოს ქოხთან“ სიმღერა ჩაწერა, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ნიუპრესი“ ვეკო აფრიდონიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გიამბობთ.
20 წლის ვეკო აფრიდონიძე ქუთაისში ცხოვრობს, მას 5 წლის ასაკიდან აღმოაჩნდა მუსიკალური მონაცემები. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს ვეკოსთვის კერძო რეპეტიტორი აეყვანათ. ვეკოს პირველი პედაგოგი ელეონორა გურგენიძე იყო, რომელიც მას ვოკალში და ფორტეპიანოზე ამეცადინებდა. პედაგოგი გოგონას ძლიერი მუსიკალური მონაცემებით აღფრთოვანებული დარჩა. ვეკო დღითი-დღე ავლენდა მუსიკასთან მჭიდრო კავშირს. მასწავლებელმა გადაწყვიტა, გოგონა მუსიკალურ სკოლაში შეეყვანა, სადაც უფრო მეტ ცოდნას და გამოცდილებას მიიღებდა, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ვეკო მუსიკალურ სასწავლებელში არ მიიღეს. როგორც ვეკოს დედა, მეგი ქობულაძე იხსენებს, სასწავლებელში განუცხადეს, რომ ვეკო სცენაზე ვერ დადგებოდა. მიუხედავად ამისა, ვეკო სწავლას საგუნდო-სადირიჟოროზე აგრძელებს. სასწავლებელი გოგონამ, მისი პედაგოგის ელეონორა გურგენიძის ძალისხმევითა და ოჯახის წევრების გვერდით დგომით, წარმატებით დაასრულა.
16 წლის ასაკში ვეკო სოლო კონცერტისთვის ემზადებოდა, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში უნდა გამართულიყო. რეპეტიციის დროს, უბედური შემთხვევა მოხდა, ვეკოს პედაგოგი ელეონორა გურგენიძე უეცრად გარდაიცვალა. სამწუხარო ფაქტმა ვეკოს ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა, ამის გამო მან ძლიერი სტრესი მიიღო. ვეკომ უარი თქვა მუსიკალურ კარიერაზე. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი, რასაც ვეკოს ოჯახის წევრები ძალიან განიცდიდნენ. ახალგაზრდა მუსიკოსის დედა ძალისხმევას არ აკლებდა, რომ მუსიკა ვეკოსთვის ისევ ახლო „მეგობარი“ გამხდარიყო.
„ვეკო გადასარევად უკრავდა, არ მინდოდა, რომ ჩაკეტილიყო და უარი ეთქვა ამ ყველაფერზე. ყველანაირად ვცდილობდი, რომ მისთვის მომეძებნა პედაგოგი, ვინც ამ სტრესს გადაატანინებდა. ასე გაგრძელდა ორი წელი, რის შემდეგაც შევძელით და ვეკო კვლავ დაუბრუნდა მუსიკას, თუმცა მხოლოდ ვოკალს, ფორტეპიანოზე დაკვრის სურვილი დღემდე არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გამოსდის“,-გვიამბობს ვეკოს დედა მეგი ქობულაძე.
ვეკო მუსიკალურ კარიერას ახალ პედაგოგთან ერთად აგრძელებს. სწორედ მისი დახმარებით, ახალგაზრდა მომღერალი ინტეგრირების ლიგაში ჩაეწერა. მას შემდეგ, ვეკო ხშირად მართავს კონცერტებს და აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ ცხოვრებას. ვეკოს უკვე აქვს საკუთარი ალბომი, რომელშიც 13 სიმღერაა შესული. შარშან კი, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოლო კონცერტი გამართა.
„შარშან იუბილესთან დაკავშირებით, ვეკოსთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. გადავწვიტე, სოლო კონცერტი ჩაგვეტარებია. გრანდიოზული საღამო მოვაწყვეთ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დავპატიჟეთ, სამწუხაროდ, ვერ მოვიდნენ. არსად გაშუქებულა ვეკოს სოლო კონცერტი, სადაც მან 13 სიმღერა ცოცხლად შეასრულა. არცერთი მსმენელი ცრემლის გარეშე დარბაზიდან არ გამოსულა“,- ამბობს ვეკოს დედა.
ახალგაზრდა მომღერალი უკვე არის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, რომელიც ბათუმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ვეკო შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, მან სცენაზე თავი არაჩვეულებრივად წარმოადგინა და პირველ ადგილსაც დაეუფლა.
მალე ვეკომ შეთავაზება „ოჩოს ქოხის“ ბიჭებისგან მიიღო. ერთ მშვენიერ დღეს, როგორც ის გვიამბობს, თორნიკე კაცაძემ დაურეკა და სიმღერის ჩაწერა შესთავაზა, რამაც ვეკო ძალიან გააბედნიერა.
„ერთ მშვენიერ დღეს, „ოჩოს ქოხიდან“ თორნიკე კაცაძემ დამირეკა. მითხრა რომ სიმღერა უნდა მაჩუქოს, ძალიან გამიხარდა“,-ამბობს ახალგაზრდა მომღერალი.
სიმღერა მხიარული და სახასიათო გამოვიდა, რაზეც ვეკოს დედის და ძმის ინიციატივით კლიპიც გადაიღეს, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა.
კლიპი და სიმღერა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში. ვეკო იმედოვნებს, რომ მსგავს სიმღერებს კიდევ მრავალჯერ ჩაწერს. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ძალიან მოსწონს, მაინც ურჩევნია, რომ სამომავლოდ უფრო მეტი კლასიკური სიმღერები შეასრულოს. მან სპეციალურად „ნიუპრესისთვის“ მისთვის საყვარელი სიმღერა შეასრულა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
ავტორი: ანი ლიპარიშვილი