|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი მაშინ იქნება წარმატებული, როცა აქ ღიმილიანი ადამიანები იქნებიან"

ჩემი მთავარი მიზანია ქალაქში მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ქუთაისისთვის ღირსების დაბრუნება, -განაცხადა  საარჩევნო ბლოკის "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა  გოგი წულაიამ იუსაიდში გამართულ შეხვედრაზე.

გოგი წულაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, მთავარი საზრუნავი ქალაქისთვის ღირსების დაბრუნებაა. 

„მსგავსი ტიპის შეხვედრებისას მერობის კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს მის საარჩევნო პროგრამას გააცნობს. ამის შემდეგ მათ ექნებათ უფლება მოკითხონ მოქმედ მერს დანაპირების შესახებ.
ქუთაისი იქნება წარმატებული მაშინ, როცა ღიმილიანი ადამიანები იქნებიან, ანუ,ექნებათ სამუშაო ადგილები, შეეძლებათ სტუმრის მიღება და ბავშვებისთვის განათლების მიცემა. ჩემი მთავარი მიზანია ქალაქში მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ქუთაისისთვის ღირსების დაბრუნება“, - განაცხადა წულაიამ.

 მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამის წარდგენა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გოგი წულაიას შეხვედრით დასრულდა.

„ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს მასპინძლობდა, ამჯერად შევხვდით ბატონ გოგი წულაიას დ ამით დავასრულეთ შეხვედრების ციკლი. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებობა მერობის კანდიდატისთვის შეკითხვები დაესვათ და მათი მოსაზრებები მოესმინათ,“- განაცხადა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრის კოორდინატორმა ქეთევან ციბაძემ.  

შეგახსენებთ, რომ მედიაცენტრმა მერობის  7 კანდიდატს უმასპინძლა. შეხვედრა არ გაუმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე