კომპანია ,,ეს ემ კა" დაგვიანებული სამუშაოების გამო, შესაძლოა, დაჯარიმდეს
ქუთაისი მერიამ კომპანია ,,ეს ემ კა"-ს, რომელიც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქალაქში საჯარიმო სანქცია დაუწესა.
მერიაში განმარტავენ, რომ თვითმმართველობამ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიას 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
მერიის ინფორმაციით, საქმე ეხება თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავას ქუჩებს, სადაც კომპანიამ წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის საფარი არ აღადგინა. "კომპანია ,,ეს ემ კა"-ს უკვე გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და მიეცა გონივრული ვადა (არაუმეტეს 10 დღისა) რათა მოხდეს ყველა მონაკვეთის აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ქუთაისის მერია ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წყალმომარაგების კომპანიასთან. მხარეებმა შეხვედრისას მიმდინარე სამუშაოების ყველა დეტალი განიხილეს და ასევე პროექტის დასრულების ვადებზეც ისაუბრეს"-ნათქვამია მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,წყალმომარაგების კომპანიასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ქალაქში მიმდინარე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. კომპანიაა მზადაა დახმარება გაგვიწიოს ყველა საკითხში და ურთიერთანამშრომლობით ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული პროექტი. ქალაქის მერია მაქსიმალურად გააკონტროლებს სამუშაოების ხარისხსა და დასრულების ვადებს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
კომპანია "ეს ემ კა" ქუთაისში წყალმომარაგების სამუშაოების მეორე ეტაპზე ჩაერთო. კომპანიამ 87 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა და 2013 წლის ბოლოდან ქალაქში წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყო. კომპანიის საქმიანობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი