"ქუთაისი მიტოვებული და მოუვლელია, მხოლოდ სურათები დაგვრჩა, თუ რას აპირებდა "ქართული ოცნება" ქალაქში"
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში ჩავარდნილ პროექტებს ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებას უკავშირებს. ორგანიზაციის წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ხელისუფლებამ რიონისპირა სახლების პროექტის ტენდერი შეაჩერა, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად უმნიშვნელოა მათთვის ქუთაისი.
შუშანიას თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია მერიამ საარჩევნოდ დაანონსა, თუმცა ის მხოლოდ დაპირებად დარჩა, ისევე როგორც სხვა პროექტები. შუშანიას განცხადებით, ქალაქში 2012 წლის შემდეგ არცერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა.
"მოსახლეობა ადევნებდა თვალს, როგორ დადიოდნენ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ტელევიზიით და აანონსებდნენ ამ სახლების რეაბილიტაციას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომპანიას, რომელმაც ტენდერი მოიგო, გაუუქმეს ხელშეკრულება და მუნიციპალური განვითარების ფონდმა უარი თქვა ამ პროექტზე. თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, რადგან საარჩევნოდ იყო გაჟღერებული. 2012 წლის შემდეგ "ქართულ ოცნებას" ქუთაისში არცერთი ტურისტული ლოკაცია გაუკეთებიათ. თვლიან, რომ მხოლოდ ბანერებია ქუთაისისთვის საკმარისი. ქალაქი მიტოვებული და მოუვლელია და მხოლოდ სურათები დაგვრჩა, თუ რას აპირებდა "ქართული ოცნება" ქალაქში"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი