ქუთაისის აეროპორტი გასულ წელს 1 671 016 მგზავრს მოემსახურა
2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო. გასულ წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთნაკადი 2022 წელთან შედარებით 103 %-ით გაიზარდა და 1,671,017 მგზავრს მოემსახურა (2022 წელი 822,486 მგზავრი), - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათი ცნობით, 2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც.
„2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის იანვარ-დეკემბერში 5,040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-დეკემბერი 3,220 რეისი).
რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157,092 მგზავრს მოემსახურა. რაც 2022 წლის დეკემბერს 85 %-ით აღემატება. (2022 წლის დეკემბერი 85,008 მგზავრი).
2023 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო და გაატარა 538 რეისი. რაც 76 %-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2022 წლის დეკემბერი - 306 რეისი).
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს", - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
ავტორი: ნიუპრესი