ქუთაისის აეროპორტში ნარკორეალიზატორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს.
ამავე ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
შსს ინფორმაციით, დანაშაული, რომელსაც დაკავებულს ედავებიან, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული 122,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი „სუბოტექსი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია 5 ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
ავტორი: ნიუპრესი