ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს Covid-19 ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ, კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან კიდევ ორი პაციენტი დაგვემატა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვთ ბაქოში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, შედარებით რთულია ქალის მდგომარეობა, რომელსაც თანმდევი პათოლოგიები აქვს“,- განაცხადა ნადირაძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს, ორი კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული. მათ დღის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი