|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებმა „ოცნებას“ 60 ათასი ლარი გადაურიცხეს"

„ლეიბორისტული პარტია“ ქართულ ოცნებასა და მის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის კორუფციულ საქმიანობაზე საუბრობს. პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, მმართველ გუნდს მაჟორიტარობის კანდიდატებმა ოფიციალურად 60-60 ათასი ლარი გადასცეს, რაც კანონით დაფიქსირებული მაქსიმუმია, არაოფიციალური მონაცემებით, მაჟორიტარობის კანდიდატებმა ნახევარ მილიონ დოლარამდე გადაიხადეს.

„ვარაუდი იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია კორუფციას ეწევა, დადასტურებულია. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების შესაბამისად „ოცნების“ მიერ დასახელებულმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა კობა ნარჩემაშვილმა, გენადი მარგველაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, გიორგი ლილუაშვილმა და  გოჩა ენუქიძემ ოფიციალურად ოცნების საარჩევნო ფონდში შეიტანეს, თითომ 60 000 ლარი, არაოფიციალურად მათ ამაში გადაიხადეს ნახევარი მილიონი დოლარი.  მოვითხოვ, ზემოთ ჩამოთვლილ პირებს ჩამოერთვათ კანდიდატობის მანდატი და არ გავიდნენ არჩევნებზე,“-განაცხადა გიორგი გუგავამ.

"newpres"-ი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გენადი მარგველაშვილს გაუკავშირდა. მარგველაშვილმა გუგავას მიერ გაკეთებული განცხადება არ დაადასტურა. მისი თქმით, გიორგი გუგავას მიერ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და მას მმართველი გუნდისთვის არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად თანხა არ გადაურიცხავს.

"არ არის სიმართლე, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად თანხა არ გადამირიცხავს. მოვუწოდებ გუგავას, წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ან რაიმე სახის დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გააჟღეროს მსგავსი ბრალდებები"-განაცხადა მარველაშვილმა.

პოლიტიკური პარტიებისათვის შემოწირულობების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველო". კვლევის მიხედვით, გენადი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს, მიმდინარე წლის 29 ივლისს 55 000 ლარი გადაურიცხა. კობა ნარჩემაშვილმაც ამავე დღეს, ამდენივე თანხა გადარიცხა "ოცნების" ანგარიშზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა