|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლას ერთი საუკუნე შეუსრულდა

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს - მელიტონ ბალანჩივაძის სახ. №1 სამუსიკო სკოლას 2019 წელს დაარსებიდან ერთი საუკუნე შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით , №1 სამუსიკო სკოლა გალაკონცერტით ქუთაისელი მსმენელის წინაშე მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წარსდგა. კონცერტზე სკოლის ყველა განყოფილება იყო წარმოდგენილი. შესრულებული იქნა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ცნობილი ნაწარმოებები. საღამოზე მოქმედ პედაგოგებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ ის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს სკოლის შემოქმედებით ცხოვრებაში.

საიუბილეო კონცერტს დაესწრნენ და სკოლას 100 წლის იუბილე მიულოცეს ქუთაისის კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ასევე, სპეციალური ჩართვით, სკოლის ყველა იმ წარმატებულმა კურსდამთავრებულმა და პედაგოგმა, რომლებიც ამჟამად საზღვრებს გარეთ მოღვაწეობენ.

 ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველისგან ვაჟა ჯუღელისგან, 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და კულტურის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისათვის სიგელები და დიპლომები გადაეცა №1 სამუსიკო სკოლის ყველა პედაგოგს.

საიუბილეო გალაკონცერტი მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა.

 სამუსიკო სკოლის ისტორია ქუთაისში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. 1918 წელს პეტერბურგიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ცნობილმა მუსიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, მელიტონ ბალანჩივაძემ გადაწყვიტა გაეხსნა სამუსიკო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდა.

სახელგანთქმულმა კომპოზიტორმა მეგობრების: ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, ზ. ჩხიკვაძის და ი. კარგარეთელის დახმარებით მიიღო ნებართვა, რომ ქუთაისში სამუსიკო სკოლა-სასწავლებლ დაეარსებინა.

 სამუსიკო სკოლა ოფიციალურად 1919 წლის 2 თებერვალს გაიხსნა, ხოლო 1921 წლიდან იგი აიყვანეს სახელმწიფო ბიუჯეტზე. სკოლა-სასწავლებლის პირველ დირექტორად მელიტონ ბალანჩივაძე დაინიშნა. მას შემდეგ ცნობილი კომპოზიტორის მიერ დაარსებულ პირველ მუსიკალურ კერას ფუნქციონირება არასოდეს შეუწყვიტავს. პირველ სამუსიკო სკოლას 100 წლის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი და ცნობილი მუსიკოსი აღუზრდია, რომელთაც სკოლის და ქალაქის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანეს.

 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი