ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლის 100 წლის იუბილე აღინიშნა
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლა 100 წლისაა. ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - მელიტონ ბალანჩივაძის სახ. №1 სამუსიკო სკოლის დაარსებიდან 2019 წლის 2 თებერვალს 100 წელი შესრულდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სკოლაში კონცერტი გაიმართა, სადაც სამუსიკოს ყველა განყოფილება იყო წარმოდგენილი. სკოლის მოსწავლეებმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს. საღამოზე მოქმედ პედაგოგებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ ის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს სკოლის შემოქმედებით ცხოვრებაში.
სამუსიკო სკოლის ისტორია ქუთაისში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. 1918 წელს პეტერბურგიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ცნობილმა მუსიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, მელიტონ ბალანჩივაძემ გადაწყვიტა გაეხსნა სამუსიკო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდა. სახელგანთქმულმა კომპოზიტორმა მეგობრების: ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, ზ. ჩხიკვაძის და ი. კარგარეთელის დახმარებით მიიღო ნებართვა, რომ ქუთაისში სამუსიკო სკოლა-სასწავლებელი დაეარსებინა.
სამუსიკო სკოლა ოფიციალურად 1919 წლის 2 თებერვალს გაიხსნა, ხოლო 1921 წლიდან იგი აიყვანეს სახელმწიფო ბიუჯეტზე. სკოლა-სასწავლებლის პირველ დირექტორად მელიტონ ბალანჩივაძე დაინიშნა. მას შემდეგ ცნობილი კომპოზიტორის მიერ დაარსებულ პირველ მუსიკალურ კერას ფუნქციონირება არასოდეს შეუწყვიტავს. პირველ სამუსიკო სკოლამ 100 წლის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი და ცნობილი მუსიკოსი აღზარდა, რომელთაც სკოლის და ქალაქის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანეს.
ავტორი: ნიუპრესი