|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება"

ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მისი თქმით, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  საყოველთაო გაჭირვებისა და ქალაქში მოუგვარებელი პრობლემების ფონზე ქუთაისის მერისა და ჩინოვნიკების  ხელფასის გაორმაგებას აპროტესტებს. 
მან ასევე ქალაქის ტრანსპორტის ნაწილზე ფასების გაზრდა გააპროტესტა.  
 
"იმ ფონზე, როდესაც ქუთაისის ტრანსპორტის 4 მიმართულებაზე გაიზარდა ტარიფი 50 დან 70 თეთრამდე, ქუთაისელთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე, ქალაქი ყოველდღიურად იცლება მოსახლეობისგან და უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა, ქუთაისის მერის ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდა არის ქუთაისელთა დაცინვაა. საერთო ჯამში, ქუთაისის მერის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება (სულ ხელფასებში იხარჯება 33 მილიონი ლარი).
ქუთაისის მერიის ვალი დღეის მდგომარეობით შეადგენს 25 მილიონ 377 ათასი ლარს. ქართული ოცნების მიერ ხელფასების ზრდაზე უარი ნიშნავს 4 წელიწადში 28 მილიონი ლარის დაზოგვას, რაც ამ ვალების დასაფარად სრულიად საკმარისია. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ქართულ ოცნებას უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნული თანხა მიმართოს ქუთაისელთა პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
 ქუთაისის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას 29 დეკემბერს გეგმავს.
 
 

ავტორი: ნიუპრესი